სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა,- ამის შესახებ აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დაადგინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სრულად აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა.
განცხადების თანახმად, ავტორიზაციის პროცესში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა ჯგუფმა აკადემიაში საავტორიზაციო ვიზიტი განახორციელა. შეფასების ფარგლებში შესწავლილი იყო აკადემიის ინსტიტუციური საქმიანობა, აკადემიური, ადმინისტრაციული და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე მათი შესაბამისობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედ სტანდარტებსა და ავტორიზაციის მოთხოვნებთან.
აკადემიის ინფორმაციით, უპირობო ავტორიზაციის მიღების შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციისთვის განაცხადიც უკვე წარადგინეს.