გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისა და ცეცხლის შეწყვეტის დრო დადგა. ამის შესახებ მან პარიზში „მსურველთა კოალიციის“ სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მერცის თქმით, ევროპის მიზანი კონფლიქტის გაჭიანურება კი არა, მისი რაც შეიძლება სწრაფად დასრულებაა.

„ჩვენი გზავნილი რუსეთისადმი ასეთია: დროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეთ. დროა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდეთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, „მსურველთა კოალიცია“ აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც დაეხმაროს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მერცმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ პირობებს უკრაინა და მისი პარტნიორები განსაზღვრავენ და არა რუსეთი.

კანცლერის განცხადებით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. მისი თქმით, ნატოს სამიტზე მოკავშირეებმა მიმდინარე და მომდევნო წლისთვის უკრაინის დასახმარებლად 70 მილიარდ ევროზე მეტი გამოყვეს, ხოლო ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ეთმობა.

ამავე დროს, კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ შეთანხმება ამ ეტაპზე არ არსებობს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვი თქმით, მოსკოვი დიალოგის ერთ-ერთ პირობად რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებიდან უკრაინული ძალების გაყვანას ასახელებს. ასევე, კრემლი მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპული და ამერიკული სამხედრო კონტინგენტების მონაწილეობას.