„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთანავე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაემატება ყველა ის ფაკულტეტი, რომელიც დღეისათვის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“, - ასე უპასუხეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში BMG-ის კითხვას, რომელიც „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გავრცელების მიზეზს შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების და განათლების სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დროებითაა თბილისში რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის გამო, ამიტომ მისი მისამართი ქალაქი სოხუმია და არა - დედაქალაქი. „გამოდის, სოხუმი თბილისის რაიონად გამოაცხადეს“, - აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უვადოდ არჩეულმა პროფესორმა, ისტორიკოსმა ზურაბ პაპასკირმა BMG-თან ინტერვიუში.
ასევე, განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია 2025 წლის დეკემბერში, პარლამენტში აცხადებდა, რომ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცალკე განიხილება მისი მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე“, თუმცა ფაქტია, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი დევნილ უნივერსიტეტზეც გავრცელდა და შედეგად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს, საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 380 სტუდენტის მიღებას შეძლებს, რაც დაახლოებით, 3-ჯერ ნაკლებია გასული წლის მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობაზე. ამასთან, მთავრობის დადგენილების მიხედვით, სოხუმის უნივერსიტეტი სტუდენტების მიღებას მხოლოდ ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე, და ასევე აგრარულ სპეციალობებზე შეძლებს.
BMG-ის 5 კითხვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და 5 პასუხი განათლების სამინისტროსგან:
- 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში, განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ პრემიერი მოიშველია და განაცხადა, რომ „რეგიონულ დონეზე ცალკე განიხილავთ, რა თქმა უნდა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ცალკე განიხილავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მისი დიდი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე... ფაქტია, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც შეეხო. რატომ შეცვალა მთავრობამ/განათლების სამინისტრომ პოზიცია სოხუმის უნივერსიტეტთან მიმართებით?
- მთავრობის მხრიდან არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა. თავიდანვე გაცხადდა, რომ ბათუმის სახელმწიფოუნივერსიტეტთან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებით, მიდგომა ინდივიდუალური იქნებოდა. შესაბამისად, ორივე უნივერსიტეტს კვოტებიც ინდივიდუალურად მიენიჭებოდათ. კონცეფციის მთავარი პრინციპი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ სახით, რომელიც პრემიერის განცხადებით არ გადაიხედება, თავიდანვე მოქმედებდა სრული მოცულობით.
პრემიერმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონულ ჭრილშიც თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განიხილება. მოგეხსენებათ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი სპეციფიკა აქვს - ის ფუნქციონირებს ავტონომიურ რესპუბლიკაში და შესაბამისად, მან მიიღო შესაბამისი კვოტები.
როგორც ყველა უნივერსიტეტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს განსხვავებული სპეციფიკა აქვს. კერძოდ, ბათუმის უნივერსიტეტში ძირითადად აჭარის რეგიონის ახალგაზრდები ირიცხებიან. ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების დაახლოებით 80%-ია კონცენტრირებული, თბილისში მცხოვრები დევნილი სტუდენტები ძირითადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობენ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა უმრავლესობა წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ამრიგად, ბათუმისა და სოხუმის უნივერსიტეტების ერთმანეთთან გაიგივება და ამ უნივერსიტეტებში რესურსების ერთი და იმავე პრინციპით განაწილდება, იმთავითვე ვთქვით რომ არასწორი იქნებოდა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთანავე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაემატება ყველა ის ფაკულტეტი, რომელიც დღეისათვის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს, მათ შორის იურიდიული, ბიზნესის, მედიცინის და ა.შ. ფაკულტეტები.
- მინისტრის მოადგილე 2025 წლის დეკემბერში ამბობდა, რომ „ცალკე განიხილავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მისი დიდი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეო“. რა შეიცვალა 1 თვის შემდეგ?
- ვადასტურებთ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცალკე განიხილება მისი მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამ პოზიციაში ცვლილება არ მომხდარა. პირიქით, სწორედ პოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, უნივერსიტეტს შეუნარჩუნდა სპეციფიკა, მათ შორის:
აფხაზური ენისა და ლიტერატურის მიმართულება;
აფხაზურ-ქართული ურთიერთობების კვლევა;
კონფლიქტოლოგიის მიმართულება, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით ფუნქციონირებს როგორც ცალკე კვლევითი პროგრამა;
აგრარული მიმართულება, რომელიც ისტორიულად ჰქონდა სუბტროპიკული ინსტიტუტის სახით, სრულად გადაეცა უნივერსიტეტს.
- როგორც ირკვევა [უნივერსიტეტის ვებგვერდზეც ჩანს და პროფესორების ნაწილიც აცხადებს] აგრარული პროგრამები სოხუმის უნივერსიტეტს არასდროს ჰქონია. შესაბამისად, რას ნიშნავს სამინისტროს გადაწყვეტილება - აწი უნდა შეიქმნას ეს პროგრამები [გაიარონ აკრედიტაცია და ა.შ.]?
- სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონოდა მკაფიო და გამორჩეული ნიშა. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ გააჩნია დამოუკიდებელი აგრარული უნივერსიტეტი (რაც წინა ხელისუფლების პერიოდში აგრარული უნივერსიტეტის გასხვისების შედეგია). სწორედ ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აგრარული მიმართულება ეტაპობრივად გამოიყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და სრული მასშტაბით ამოქმედდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზეც გააჟღერა და პროცესი სრულიად გამჭვირვალეა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს ყველა აგრარულ პროგრამას ხელახალი აკრედიტაციის გავლისა და შესაბამისი ნებართვის მოპოვების საფუძველზე. სწორედ ამიტომ, მიმდინარე ეტაპზე, კვოტებში აგრარული მიმართულებები ჯერ კიდევ ტექნიკურ უნივერსიტეტშია მითითებული.
ვრცლად: bm.ge