„დღეს ჩვენ ყველას გვიხარია, რომ თეატრის ახალ, თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დღე არის საქართველოსა და აზერბაიჯანის ძლიერი მეგობრობისა და თანამშრომლობის დასტური.

„წელს აზერბაიჯანში აღინიშნება ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე და სწორედ ამის ფარგლებში ჩვენ დღეს სიმბოლურად საფუძველს ჩავუყრით აღნიშნული თეატრის მშენებლობას. მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს − ალი ასადოვს. მადლიერი ვარ, რომ თქვენ ჩამოხვედით თბილისში და მიიღეთ მონაწილეობა აბრეშუმის გზის ფორუმში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ − იყო სამმხრივი შეხვედრაც, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური, ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნისა, არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს − ყველას − და ვისურვებდი, რომ მალე ერთად გავხსნათ თეატრის ახალი შენობა", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრემიერმა ალი ასადოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის თანამედროვე სტილში გამოცოცხლება ისტორიული მოვლენაა.

„იმედი მაქვს, რომ დღეს დაწყებული თეატრის პროფესიონალი კოლექტივი შესანიშნავად გამოიყენებს აქ შექმნილ პირობებს, ახალი პროექტებით ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში დიდ წვლილს შეიტანს.  ეს კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და საქართველოს კეთილმეზობლურ, მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებს უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ თეატრი კულტურისა და ხელოვნების მოყვარულთათვის ღირსეული საჩუქარი იქნება, ამასთან ერთად ქალაქ თბილისს, სადაც ისტორიისა და თანამედროვეობის იდეალური ჰარმონიაა,  უფრო გაალამაზებს. საქართველოს დედაქალაქის კულტურულ კერად გადაიქცევა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ამ დღეებში აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში - განჯაში − ცნობილი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა შეიქმნა, იმ შენობის წინ, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ამასთან ერთად აზერბაიჯანის კახის რაიონში მოქმედი ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი დიდი ქართველი მოღვაწის − ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს და შესაბამისი წესით ოფიციალური სახე მიენიჭა.

პრემიერ-მინისტრებმა შენობა დაათვალიერეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია „სოკარ ენერჯი ჯორგიას" გენერალური დირექტორისგან - მაჰირ მამმედოვისგან მიიღეს.

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 1872 წელს დაარსდა და 1947 წლამდე მოქმედებდა, ხოლო  შემდეგ უკვე 2004 წელს საერთო ეროვნული ლიდერის სახელით დაიწყო საქმიანობა.

აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ამ დრომდე არსებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც აუცილებელი გახდა ახლის აშენება. თეატრის ახალი შენობა საელჩოს გვერდით, ვახტანგ გორგასლის 25 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანული კაპიტალის კომპანიას Confidence Group-ს ეკუთვნის. ნაკვეთის  ფართობი არის 2565 მ2.