აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა კომპანია Eli Lilly-ს მიერ შექმნილი წონაში კლების ახალი აბები — მეორე ამ სახის ყოველდღიური პერორალური მედიკამენტი ჭარბწონიანობისა და წონასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
FDA-მ ორფორგლიპრონი დაჩქარებული წესით დაამტკიცა — GLP-1 პრეპარატი, რომელიც სხვა ფართოდ გავრცელებული ინიექციების მსგავსად მუშაობს, რათა მიჰბაძოს ბუნებრივ ჰორმონს, რომელიც მადას და სისავსის შეგრძნებას აკონტროლებს.
პრეპარატის ბრენდული სახელი Foundayo იქნება და ბაზარზე რამდენიმე დღეში გამოჩნდება. თვიური დოზის ფასი 149-დან 349 დოლარამდე იქნება.
ახალი მედიკამენტი შეუერთდება კომპანია Novo Nordisk-ის პერორალურ აბს, სახელად Wegovy-ს, რომელიც აშშ-ში გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა.
Eli Lilly-ს პრეპარატს FDA-მ ავტორიზაცია მიანიჭა ახალი პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის მედიკამენტების დამტკიცებისთვის საჭირო დროის შემცირება. სააგენტოს განცხადებით, კომპანიის აპლიკაცია მან 50 დღეში განიხილა.
3000-ზე მეტ ჭარბწონიან ადამიანზე ჩატარებულ კლინიკურ ცდაში, მონაწილეებმა, რომლებმაც ორფორგლიპრონის ყველაზე მაღალი დოზა, 36 მილიგრამი მიიღეს, სხეულის წონის 11,2 პროცენტი დაიკლეს 16 თვის განმავლობაში.
შედარებისათვის, პაციენტებმა, რომლებმაც პლაცებო მიიღეს, წონის 2,1 პროცენტი დაიკლეს.
როგორც Eli Lilly-ს, ისე Novo Nordisk-ის აბები განაპირობებს უფრო ნაკლები წონის კლებას, ვიდრე Lilly-ს საინექციო პრეპარატი Zepbound-ი, რომელიც იწვევს სხეულის წონის საშუალოდ 21-პროცენტიან კლებას, Novo Nordisk-ის საინექციო Wegovy კი 15-პროცენტიანს.
ორივე დღიური აბი მოხერხებულობას გვპირდება, მაგრამ ორფორგლიპრონი არის პატარამოლეკულიანი GLP-1 პრეპარატი, რომლის მიღებაც რაიმე შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი.
ტაბლეტის ფორმის Wegovy-ს მიღება კი ხდება დილით უზმოზე წყალთან ერთად, ჭამამდე ან დალევამდე 30 წუთით ადრე.
კვლევის თანახმად, ორფორგლიპრონის მომხმარებლებს ასევე აღენიშნათ წელის გარშემოწერილობის, არტერიული წნევის, ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონის გაუმჯობესება.
გვერდითი ეფექტები, ძირითადად კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ორფორგლიპრონის ცდის მონაწილეთა 5-10 პროცენტს განუვითარდა, პლაცებოს ჯგუფში კი 3 პროცენტს.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.