ფინანსთა სამინისტრომ ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე საჯარო გადაწყვეტილება მიიღო.

სამინისტრო განმარტავს, რა შემთხვევაში განიხილება უძრავი ქონება საცხოვრებელ ბინად/სახლად.

კერძოდ, გადაწყვეტილების თანახმად:

უძრავი ქონება განიხილება საცხოვრებელ ბინად/სახლად, თუ ერთობლივად აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს;
  • განკუთვნილია საცხოვრებლად გამოყენებისთვის;
  • უზრუნველყოფილია ან შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საბაზისო საინჟინრო კომუნიკაციებით;
  • არ წარმოადგენს სხვა საქმიანობის ფუნქციურ ნაწილს – უძრავი ქონება არ არის ისეთი ობიექტის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც თავისი არსით არ აქვს საცხოვრებელი დანიშნულება.

საჯარო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფარგლებში არსებული ფართობი/ნომერი საცხოვრებელ ბინად/სახლად არ მიიჩნევა.

სასტუმროს ნომერი, როგორც წესი, წარმოადგენს სასტუმროს ინფრასტრუქტურის ნაწილს, გამოიყენება დროებითი განთავსებისთვის, ფუნქციონირებს მხოლოდ სასტუმროს სისტემის ფარგლებში, რის გამოც, იგი არ განიხილება საცხოვრებელ ბინად, მიიჩნევა სხვა აქტივად და თუ არ არსებობს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მისი მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება საერთო წესით“, - წერია დოკუმენტში.