ყოფილი პარლამენტარის რომან გოცირიძის შეფასებით, აზერბაიჯანს შორის გაფორმებული გაზის ხელშეკრულებით, საქართველო რუსული "გაზპრომის" გაზზე დამოკიდებული გახდა.
„გაზპრომს მიგვაბეს! საქართველო გაზს ბაქო-თბილისი-ერზურუმის მილსადენიდან აღარ მიიღებს" - წერს Facebook-ის გვერდზე რომან გოცირიძე.
ის განმარტავს, რომ ამ ხელშეკრულების შედეგად აზერბაიჯანი "ბაქო-თბილისი ერზურუმის მილსადენს" ევროპაში გაზის გასატანად გამოიყენებს, ხოლო საქართველოში აზერბაიჯანურ ბუნებრივ აირს მხოლოდ ყაზახი-საგურამოს მოძველებული მილსადენით მიიღებს. გოცირიძე ხაზს უსვამს იმას, რომ აზერბაიჯანთან გაფორმებული 20-წლიანი ხელშეკრულების დეტალები საჯარო არ არის.
„აზერბაიჯანთან გაზის ხელშეკრულებით, რომლის შინაარსსაც არ ამხელენ, როგორც ჩანს, საქართველომ 20 წლით დათმო ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენში გაზის გატარების კუთვნილი სივრცე და გადასცა იგი აზერბაიჯანს. საქართველო გაზს მხოლოდ ძველი, ამორტიზებული საბჭოთა დროინდელი ყაზახი-საგურამოს მილსადენიდან მიიღებს. ამ გაზსადენს, სიძველის გამო მხოლოდ 2,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. მომავალში, გაზის მოხმარების ზრდის კვალობაზე, ერთადერთი ალტერნატივა რუსეთისგან გაზის შეძენა იქნება, რადგან აზერბაიჯანიდან მისი შემოტანა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. უკვე დღესაც შეიმჩნევა მსგავსი რამ: მესამე წელია ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენში ჩვენს კუთვნილ სივრცეს იყენებს აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდების გასაზრდელად, პარალელურად კი იზრდება ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტი.
20 წელიწადში საქართველოში გაზის მოხმარება გაორმაგდება და 5-6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. დღეისათვის 3,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოვიხმართ. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მომავალში ქვეყნის მიერ მოხმარებული გაზის ნახევარი “გაზპრომის” იქნება. დღემდე საქართველოს აზერბაიჯანიდან შეეძლო 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტირება - 2,5 მილიარდი ძველი, ყაზახი-საგურამოს მილიდან, 1,5 მილიარდი ბაქო-თბილისი-ერზურუმიდან. ეს უკანასკნელი 20 წლით დავკარგეთ. არც ის არის გამორიცხული, რომ სამუდამოდაც. არავინ იცის რას მოაწერეს ხელი“, - წერს რომან გოცირიძე.