მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის 31 ობიექტზე, დასრულებულია 30 ობიექტის რეაბილიტაცია და კონსერვაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „შემოქმედებითი საქართველო“ და მის მიერ დაფინანსდა 1 000-მდე პროექტი.

„მუზეუმებში განხორციელდა 566 საგანმანათლებლო პროგრამა. შეივსო მუზეუმების ფონდები: ეროვნულ მუზეუმს დაემატა 213, ხოლო სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას 2025 ახალი ექსპონატი. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის 31 ობიექტზე, დასრულებულია 30 ობიექტის რეაბილიტაცია და კონსერვაცია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით და მინდა, ყველა ჩართულ პირს გადავუხადო მადლობა ამისათვის.

განხორციელდა 21 არქიტექტურული ობიექტის კვლევითი და კონსერვაციული სამუშაოები. განხორციელდა არაერთი მუზეუმისა და კულტურული ობიექტის მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში იქნა შეტანილი იუნესკოს მიერ, რაც იყო მნიშვნელოვანი მიღწევა. ლევილში სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არის ის ძირითადი საკვანძო საკითხები, რაც მინდოდა აღმენიშნა კულტურის სამინისტროს მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, გელათის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის, რომელიც საპატრიარქომ 2023 წლის 24 თებერვალს კულტურის სამინისტროსგან გადაიბარა 4 მლნ ლარი გამოიყო. თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის 1-ელ ივლისს ხელმოწერილი განკარგულებიდან ირკვევა

შეგახსენებთ, 2024 წლის 18 მარტის განკარგულებით ტაძრის რეაბილიტაციისთვის ჯერ 7.5 მლნ გამოიყო. 2024 წლის 9 სექტემბერს კი, გელათის რეაბილიტაციისთვის საჭირო დამატებით 11,5 მილიონი ლარი.