საქართველოში რძის პროდუქტების ფალსიფიკაცია კვლავ ერთ-ერთ რთულ გამოწვევად რჩება.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, რძის პროდუქცია იაფი ფხვნილითა და გაურკვეველი წარმომავლობის ცხიმებით მზადდება. საუბარია იაფ მცენარეულ ცხიმებზე, რომლის ფხვნილთან შერევით ხდება პროდუქციის ფალსიფიცირება, მომხმარებელი კი პროდუქტს მაინც ძვირად ყიდულობს, კეთილსინდისიერ გადამამუშავებელსა თუ ფერმერს კი განვითარების საშუალება ეზღუდება.

„ძალიან დიდი პრობლემაა არარეგისტრირებული საწარმოების სიმრავლე, რომლებსაც ებრძვის სურსათის ეროვნული სააგენტო, მაგრამ მაინც გამოწვევაა, რადგან ეს იაფი ცხიმით დამზადებული პროდუქტები ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. შეუძლიათ, ერთი ოთახიდან, ერთი სახლიდან მეორეში გადაინაცვლონ და ფალსიფიცირება მარტივად გააგრძელონ. იმავე სუპერმარკეტებზეც ვიტყვი - იქ ქეშბექები, განთავსების საფასური, მათთან ძალიან ბევრი გამოწვევაა და თანხასაც თვეების მერე იხდიან“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

ნიკოლოზ ბენიაიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარების შემთხვევაში, საქართველოში არსებობს რესურსი, მოთხოვნა 100%-ით დაკმაყოფილდეს.

„გარდა ამისა, დარგს დამატებითი ხელშეწყობაც სჭირდება. მეზობელი ქვეყნების მაგალითი რომ ავიღოთ, სადაც ფერმერებს დახმარება პირუტყვის შეძენის პროცესშიც აღმოუჩინეს. ეს გამოწვევები არის კომპლექსური და სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა. სოფლის მეურნეობაში ყველაზე რთული სწორედ მერძევეობაა.

თუ რაღაც პერიოდის წინ რუსეთსა და აზერბაიჯანში ითხოვდნენ ჩვენს პროდუქციას, ახლა პირიქით ხდება - მათგან შემოდის მზა პროდუქტები და ნედლი რძე. სომხეთიც რომ ავიღოთ, ნედლი რძით დამზადებული პროდუქტები და ფხვნილით დამზადებული პროდუქტები სხვადასხვა ფერის დახლებზეა განთავსებული, რითაც ადგილობრივი წარმოებაა წახალისებული. მსგავსი წახალისებებით დიდი შედეგების დადება შეიძლება მოკლე მომავალში, ამ ქვეყნებმა შედეგს 8-10 წელიწადში მიიღეს და უკვე ექსპორტზე გააქვთ პროდუქცია. ჩვენ 10 წელიც არ დაგვჭირდება, იმდენად არის გამოცდილება დაგროვილი“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ბენიაიძე.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რაზეც ნიკოლოზ ბენიაიძე ყურადღებას ამახვილებს, მეწველი ძროხებია. მისი ინფორმაციით, მაგალითად, ესტონეთსა და ჰოლანდიაში ჰყავთ ჯიშები, რომლებიც 30 ლიტრამდე რძეს იძლევიან, ჩვენთან - დაახლოებით 5 ლიტრს.

„წესით, ასეთი პირუტყვი არც უნდა იწველებოდეს, მისი რძე ხბოსთვის არის განკუთვნილი, მაგრამ მეპატრონემ ხბოსაც უნდა აჭამოს და თან პროდუქტებიც უნდა დაამზადოს. შედეგი ის არის, რომ ხბოსაც აკლდება რძე და ვეღარ იძლევა იმ რაოდენობის ხორცს, რაც საჭიროა. ეს მიმართულებებიც გასამიჯნია და სამუშაო საკმაოდ ბევრია“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

ესტონეთსა და ჰოლანდიაში 1 პირუტყვი 30 ლიტრამდე რძეს იწველება, ჩვენთან - 5 ლიტრს. ეს პირუტყვი წესით, არც უნდა იწველებოდეს

ფალსიფიცირება, სუპერმარკეტებში განთავსების საფასური - მერძევეობის განვითარება საქართველოში ბევრი მიზეზით ფერხდება - მერძევეთა ასოციაცია