Daily Mail-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია KLM-ის კუთვნილი Airbus A330 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამიდან არუბასა და ბონაირის მიმართულებით ასრულებდა რეისს, იძულებული გახდა ფრენები შეეწყვიტა ბორტზე აღმოჩენილი დიდი ვირთხის გამო.
ინციდენტის დეტალები, ბორტზე დაახლოებით 250 მგზავრი იმყოფებოდა. მღრღნელი მაშინ შენიშნეს, როდესაც თვითმფრინავი ატლანტის ოკეანის თავზე მიფრინავდა. ვინაიდან შუა ოკეანეში ფრენის შეწყვეტა შეუძლებელი იყო, თვითმფრინავმა გზა არუბამდე განაგრძო.
არუბაზე დაფრენის შემდეგ მგზავრები ჩამოსვეს, ხოლო ხომალდი ექსპლუატაციიდან დროებით გამოიყვანეს. ამის გამო ყველა მომდევნო რეისი (მათ შორის დაბრუნება ამსტერდამში) გაუქმდა.
რატომ არის ვირთხა სახიფათო თვითმფრინავისთვის?
სპეციალისტების განმარტებით, მღრღნელები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ფრენის უსაფრთხოებას. მათ შეუძლიათ დააზიანონ ელექტროგაყვანილობა, რაც ტექნიკურ გაუმართაობას და კატასტროფასაც კი იწვევს.
KLM-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება მათი პრიორიტეტია. თვითმფრინავს ჩაუტარდება სრული ინსპექტირება, გაწმენდა და დეზინფექცია. აღსანიშნავია, რომ მგზავრებს პანიკა არ დაუწყიათ და ეკიპაჟი სიტუაციას სრულად აკონტროლებდა. ცხოველი საკვებთან ახლოს არ მისულა.