„ატლანტიკურმა საბჭომ“ „თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსი“ გამოაქვეყნა, რომელიც 2025 წლის მდგომარეობას ასახავს. კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფშია, სადაც თავისუფლების მაჩვენებლის გაუარესების ტენდენცია დაფიქსირდა.
ამ კატეგორიაში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა აშშ, ეკვადორი, სიერა ლეონე, ტანზანია, ნიგერი, მადაგასკარი, გვინეა-ბისაუ, ჰაიტი და ბურკინა-ფასო.
ინდექსის მიხედვით, საქართველო შეფასებულია როგორც „ზომიერი თავისუფლების“ და „ზომიერი კეთილდღეობის“ ქვეყანა. თავისუფლების რეიტინგში ქვეყანა 171 სახელმწიფოს შორის 73-ე ადგილს იკავებს, ხოლო კეთილდღეობის ინდექსში — 43-ე პოზიციაზეა.
კვლევის თანახმად, საქართველოს ყველაზე დაბალი შეფასებები რამდენიმე მიმართულებით აქვს. მათ შორისაა „კანონის მკაფიოობა“ — 43.6 ქულა, „სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა“ — 53 ქულა, „საკუთრების უფლება“ — 54.1 ქულა, „აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო შეზღუდვა“ — 57.7 ქულა, „ბიუროკრატია და კორუფცია“ — 57.9 ქულა და „უსაფრთხოება“ — 58.9 ქულა.
„თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსი“ ქვეყნების შეფასებისას სხვადასხვა ფაქტორს აანალიზებს, მათ შორის ინსტიტუტების ხარისხს, კანონის უზენაესობას, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების გარემოს.