ბიზნეს კონსულტანტი ლევან კობერიძე ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საპენსიო ფონდს შეეძლება შევიდეს მსხვილი პროექტების ფინანსირებაში და მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ, უარყოფითად აფასებს.

როგორც ლევან კობერიძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ საპენსიო სისტემის მოდელში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ფაქტობრივად პირდაპირ შეეძლება აიღოს თანხა და განათავსოს ნებისმიერ კომერციულ ან სამთავრობო პროექტში.

„საპენსიო ფონდის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში გრძელვადიანი ფულის შექმნის პოლიტიკა, რომელიც შემდეგ საბოლოო ჯამში სასესხო პროცენტებზეც კი პოზიტიურად ისახება, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტები მეტ რეიტინგს გვაძლევენ, რადგან გენდობიან. მეორე არის ის, რომ ეს ფული უნდა აკუმულირებულიყო ქვეყნის ეკონომიკაში, რადგან მას დაახლოებით 4-5%-ით უნდა დაეჩქარებინა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ფული უნდა განთავსდეს ნაწილობრივ საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა პირდაპირ შპს-ს წილების ყიდვით, არამედ აქციებში და ფასიანი ქაღალდებში ინვესტირებით ანუ კაპიტალის ბაზარი უნდა განვითარებულიყო. კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი მექანიზმი უნდა იყოს საპენსიო ფონდის თანხა.

ახლა ამ კანონპროექტით კი რა ხდება? პირველი, მმართველობითი და საინვესტიციო საბჭოები გაერთიანდა, ამაში რაღაც დადებითი არის, იმიტომ რომ უფრო ეფექტიანი შეიძლება გახდეს და რისკზე პასუხისმგებლობა უფრო მეტად იყოს აღებული, მაგრამ მეორე მხრივ, მთავრობას პირდაპირ შეეძლება აიღოს თანხა და განათავსოს ნებისმიერ კომერციულ პროექტში ან სამთავრობო პროექტში ან ანაკლიაში „წაიღონ“. ამ დროს, მაგალითად ანაკლიის პროექტს თუ უნდა მოხმარდეს, მის შპს-ში ან სააქციო საზოგადოებაში კი არ უნდა შეიტანონ, არამედ აქციები უნდა შეიძინონ. ზოგადად აქციების გამოშვება უზრუნველჰყოფს იმ კომპანიის გამჭვირვალობას და შენ გაქვს უფლება რომ საპენსიო თანხები იქ განათავსო.

და ბოლოს, ამ ყველაფრის ზედამხედველად დანიშნეს ეროვნული ბანკი, რომელსაც ამ ბოლოს საერთოდ დისკრედიტაცია გაუკეთეს, საპენსიო ფონდის რეალური ზედამხედველობა კი ფაქტობრივად მოექცა სამთავრობო სტრუქტურის ქვეშ და პარლამენტი საერთოდ ჩახსნეს. გარდა ამისა, წაგვართვეს არჩევანის უფლება, რადგან მოქალაქეებს დანაზოგის კერძო საპენსიო ფონდში გადატანის უფლება მოუხსნეს“, - ამბობს ლევან კობერიძე.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის მნიშვნელოვნად შეცვლას გეგმავს. ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა. ამავე ცვლილებებით იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდს შეეძლება შევიდეს მსხვილი პროექტების ფინანსირებაში. საუბარია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად პროექტის დაფინანსებაში პირდაპირ მონაწილეობაზე.

პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებით, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროექტის დაფინანსება, ეს შეიძლება იყოს ჰესის, პორტის თუ სხვა საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება, თუკი აღნიშნულ პროექტის ფინანსირებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მონაწილეობენ. 

გარდა ამისა, სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭო უქმდება და იქმნება ახალი მმართველობითი საბჭო, რომელსაც 9-15 წევრი ეყოლება. საბჭოში თავის მხრივ, შეიქმნება სამი კომიტეტი, რისკების, აუდიტისა და ინვესტიციების კომიტეტი. ამასთან, აღნიშნული საბჭოს წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.