სოჭსა და სოხუმს შორის საზღვაო მიმოსვლა განახლდა. ინიციატივის მიზანია, ტურისტული სეზონის პიკზე რუსეთიდან აფხაზეთში ჩასული დამსვენებლების ნაკადით გადატვირთული საავტომობილო გზების განტვირთვა.

პირველი რეისი სამგზავრო გემმა “კოსმონავტი პაველ პოპოვიჩი“შეასრულა. ის 120 მგზავრზეა გათვლილი. გემმა ორ ქალაქს შორის არსებული 145 კილომეტრიანი მანძილი 2 საათსა და 30 წუთში დაფარა.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აუცილებლობაზე საუბარი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად, დაგეგმილი იყო, რომ ეს ფუნქცია საკრუიზო ლაინერ “კნიაზ ვლადიმირს“ დაკისრებოდა, თუმცა ლაინერის ამ მარშრუტზე გაშვება არაეკონომიურად ჩაითვალა. 

შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სოჭსა და სოხუმს შორის მცირე ზომის, სწრაფმავალი გემი იმოძრავებს — წყალქვეშა ფრთების მქონე ხომალდი “კომეტის“ ტიპის.