მართალია, ირანში რადიაციულ გაჟონვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებელია, თუმცა, მოქალაქეებს საფრთხის განცდა გაუჩნდათ. სოციალური ქსელები გაივსო კითხვებით, რჩევებითა და რეკომენდაციებით, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, თუკი გავრცელდება ცნობა მათ სიახლოვეს რადიაციული დაბინძურების შესახებ. როგორ უნდა შეიტყონ მათ ამის შესახებ და ვისგან. მსგავსი კითხვები აქვთ საქართველოს მოქალაქეებსაც. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი საფრთხე გაცილებით მასშტაბურ სახეს მიიღებს და თუკი ქვეყანა რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში აღმოჩნდება, რამდენად დროულად მიიღებენ ისინი ინფორმაციას დაბინძურების შესახებ და როგორ უნდა მოიქცნენ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დასხივების ხარისხი?
საქართველოში ბირთვულ და რადიაციულ სფეროს არაერთი სახელმწიფო უწყება და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აკონტროლებს. მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ჯანდაცვის სამინისტრო, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და ა.შ.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით, საქართველოს საზღვარი მთლიანად აღჭურვილია რადიაციის დეტექტორებით და რადიოქტიური ნივთიერების გამოვლენა ხდება ავტომატურად.
ამ ეტაპზე, საქართველოს რადიაციული დასხივების საფრთხე არ ემუქრება. მაგალითად, ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის ქსელის პორტალზე განთავსებული რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურების რუკის თანახმად, რომელიც რეალურ დროში გვაჩვენებს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რადიაციული დაბინძურების ხარისხს, საქართველოს მთელი ტერიტორია მწვანე ზონადაა მონიშნული.
რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში ქცევის წესები
4 მარტს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის პარალელურად ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საკუთარ YouTub გვერდზე გაავრცელა სპეციალური ვიდეო-რგოლი, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუკი მიიღებს ცნობას იმის შესახებ, რომ ის რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში იმყოფება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი, მაგრამ ადვილად შესასრულებელია.
აი, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუკი (როგორც კი) რადიაციული დაბინძურების შესახებ ინფორმაციას მიიღებს:
- ერიდებით ღია სივრცეებს. თუკი ქუჩაში ხართ, შედიხართ დახურულ სივრცეში.
- ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში, ხურავთ ფანჯრებს და თიშავთ კონდიცირების სისტემას, რათა შეიზღუდოს სალონში ჰაერის მიწოდება გარედან.
- არ დარჩეთ ავტომობილში, რადგან იქ ადვილად აღწევს რადიაციული დაბინძურება. ეცადეთ დროულად მიხვიდეთ სახლამდე ან უახლოეს შენობამდე.
- თუკი სახლებში ან სხვა შენობაში ხართ, იქვე დარჩით.
- საუკეთესოდ დაცული ადგილი არის სარდაფი ან შესაბამისი თავშესაფარი.
- მჭიდროდ ჩაკეტეთ და დალუქეთ ფანჯრები და კარი. ააკარით ე.წ. სკოჩი. ანალოგიურად დალუქეთ სავენტილაციო სისტემა.
- მოშორდით კედლებს, ფანჯრებსა და კარს და ეცადეთ, რომ დარჩეთ შენობის შუა ნაწილში.
- საკვები შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერებში ან მაცივარში.
- წყალი, წვენები ან სხვა სასმელები დალუქული კონტეინერებიდან დალიეთ.
- თუ ფიქრობთ, რომ კონტეინერი ან პაკეტი შეიძლება დაბინძურებული იყოს რადიოაქტიური მტვერით, მის გასახსნელად გამოიყენეთ ნესტიანი ქსოვილი. შემდეგ ეს ქსოვილი მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში ან სხვა კონტეინერში.
- გაითვალისწინეთ, რომ სახლში არსებული სხვა წყალი, მაგალითად, წყალი, რომელიც შეიძლება იყოს ცხელი წყლის გამაცხელებელ ავზში ან სხვა დახურულ სივრცეში, არ იქნება დაბინძურებული რადიოაქტიური მტვერით.
- რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში, ჩაიტარეთ დეკონტამინაცია
- მიიღეთ შხაპი წყლის დიდი რაოდენობით.
- თუკი სხეულზე ჭრილობები გაქვთ, ისინი შხაპის მიღებამდე ჰერმეტულად დაიფარეთ. არ გამოიყენოთ ქისა, ღრუბელი ან ე.წ. სკრაბი
- თუ არ გაქვთ შხაპის მიღების საშუალება, მაშინ დიდი რაოდენობით წყლით დაიბანეთ ხელები, სახე და ტანსაცმლით დაუფარავი სხეულის ნაწილები. თუკი წყალი არ გაქვთ, მაშინ გაიწმინდეთ სხეული ხელსახოცით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყურებს, თვალებსა და ნესტოებს.
- დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ, ჩადეთ პოლიეთილენის პარკში ან სხვა კონტეინერში და გაიტანეთ შენობის გარეთ, ადამიანებისა და შინაური ცხოველებისგან მოშორებით.
- მუდმივად ადევნეთ თვალი საინფორმაციო საშუალებებს, რადგან მიიღოთ განახლებული ინფორმაცია შემდგომი რეკომენდაციების შესახებ.
რადიაციისგან და ბირთვული აფეთქებისას წარმოქმნილი საფრთხეების თავიდან აცილებაში გვეხმარება ALARA-ს პრინციპი. ALARA არის ინგლისური ფრაზის "As Low As Reasonably Achievable” აკრონიმი, რომელიც ასე ითარგმნება: „იმდენად დაბალი, რამდენადაც გონივრულადაა მისაღწევი“. ამ პრინციპში კი იგულისხმება დრო, მანძილი და საფარი.
დრო: რაც ნაკლებ ხანს ვიქნებით მაღალ რადიაციულ ფონში, მით ნაკლებად დავსხივდებით და ჩვენს ორგანიზმს ნაკლები ზიანი მიადგება.
მანძილი: მანძილის გაზრდა მნიშვნელოვნად ამცირებს სხეულზე მოხვედრილ გამოსხივებას.
საფარი: ნებისმიერი წინაღობა, რომელიც არის გამოსხივების წყაროსა და დასხივების ობიექტს შორის, ამცირებს დასხივების დოზას. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გამოყენება. განსაკუთრებით ეფექტიანად ამცირებს გამოსხივებას მძიმე ელემენტები, ისეთი, მაგალითად, როგორიცაა ტყვია.
ამჟამად დედამიწაზე 40 განვითარებულ ქვეყანაში დაახლოებით 450-ზე მეტი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია. საკმაოდ ბევრია მშენებარე და ექსპლუატაციიდან გამოყვანილი სადგურები. ჩერნობილისა (1986) და ფუკუშიმას (2011) ავარიებმა შელახა ატომური ელექტროსადგურების პრესტიჟი, მაგრამ სწორი ექსპლუატაციისა და წესების სრული დაცვისას მათი გარემოზე ზემოქმედება ნაკლებია ვიდრე ანალოგიური სიმძლავრის ჰიდრო, თბო და სხვა ტიპის ელექტროსადგურებისა.
ჩერნობილის კატასტროფა
1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე, ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება მოჰყვა ელექტროსადგურში დაგეგმილ ექსპერიმენტს. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტექნოგენური კატასტროფა. აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს.
ბირთვული კატასტროფის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაგვიანებით, აფეთქებიდან 36 საათის შემდეგ, დაიწყო. იმ დროისთვის, ქალაქ პრიპიატის მოსახლეობას უკვე აღენიშნებოდა რადიაციული დასხივების ნიშნები. ხალხს უთხრეს, რომ ისინი სახლებს რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდნენ. ევაკუაციას 100 ათასამდე ადამიანს შეეხო.
ჩერნობილი
საბჭოთა ხელისუფლებამ ატომური კატასტროფის შესახებ დუმილი არჩია. ჩერნობილის ავარიის შედეგად, რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე. განგაშის პირველი ზარი 1986 წლის 28 აპრილს შვედეთმა შემოჰკრა. 8 მილიონზე მეტი ადამიანი რადიაციული დასხივების ქვეშ აღმოჩნდა.
1986 წელს ბელორუსიასა და უკრაინაში 5 000-მდე კილომეტრი აკრძალულ ზონად გამოცხადდა. ატომური სადგური სარკოფაგით დაფარეს. ”ჩერნობილის” ავარიას მეშვიდე - ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო სკალით - უმაღლესი დონე მიენიჭა.
დღეს კატასტროფის ზონა უდაბურია, ის მწვანე საფარმა დაფარა, თუმცა, 5 მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ ცხოვრობს აკრძალული ზონის სიახლოვეს.
2016 წელს უკრაინაში ახალი სარკოფაგით დაფარეს ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკი. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სრული ლიკვიდაცია 2065 წლისთვის იგეგმება.
უკრაინაში დღეს საომარი მოქმედებების მეცხრე დღეა. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს ყოველდღიურად ბომბავს. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის 2 მარტის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა უკვე იმსხვერპლეს 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის, ბავშვები.
განადგურდა ასობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული ობიექტი, საცხოვრებელი სახლი, საავადმყოფო და საბავშვო ბაღი.
წყარო: "რადიო თავისუფლება"