გეოლოგებმა დაადგინეს, რომ აფრიკის კონტინენტი უფრო სწრაფად დაიშლება, ვიდრე გვეგონა. აქტიურმა ნაპრალმა „კრიტიკულ ზღვარს“ მიაღწია და მალე დაიშლება, შედეგად კი გაჩნდება ახალი ოკეანე.
ამ შემთხვევაში, „მალე“ ფარდობითი ტერმინია — რამდენიმე მილიონი წელი, მაგრამ ეს უბრალოდ თვალის დახამხამებაა გეოლოგიური მასშტაბით.
„დავადგინეთ, რომ ამ ზონაში რღვევა შორსაა წასული და ქერქი იმაზე თხელია, ვიდრე ვინმეს შეიძლება წარმოედგინოს. აღმოსავლეთ აფრიკა გახლეჩის პროცესში იმაზე წინაა წასული, ვიდრე აქამდე გვეგონა“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი კრისტიან როვანი.
ამ აღმოჩენის ყველაზე დამაინტრიგებელი ნაწილია მისი გავლენა ჩვენს ისტორიაზე. კენიაში, ტურკანის რღვევის ზონა მდიდარია ადრეულ ჰომინინთა ნამარხებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადგილი საკვანძო იყო ადამიანის ევოლუციაში.
თუმცა, ახალი აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა ეს რეგიონი ჩვენი წინაპრებისთვის აფრიკის სხვა ნაწილებზე უფრო მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო — უბრალოდ, შეიძლება სწორედ ამ გეოლოგიურმა პროცესმა წარმოქმნა ძლიერ ხელსაყრელი გარემო პირობები მათი ძვლების განმარხებისთვის.
დედამიწის კონტინენტების ამჟამინდელი განლაგება ჩვენთვის თითქოს მუდმივი ჩანს, მაგრამ ისინი გამუდმებით მოძრაობენ — ოღონდ უკიდურესად ნელა.
დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ, ისინი თავმოყრილი იყო ერთ სუპერკონტინენტად. მეცნიერთა პროგნოზით, შორეულ მომავალში ისინი კვლავ გაერთიანდება.
იქ, სადაც ორი ტექტონიკური ფილა ერთმანეთს ხვდება, მთები წარმოიქმნება. იქ კი, სადაც ისინი ერთმანეთს შორდებიან, ოკეანე იბადება.
ამ უკანასკნელის ნათელი მაგალითია აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის სისტემა. აფრიკის ფილა ამჟამად ორად იყოფა — დასავლეთით არის უფრო დიდი ნუბიის ფილა, რომელზეც მოდის კონტინენტის უდიდესი ნაწილი; აღმოსავლეთით კი უფრო პატარა სომალის ფილა, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ სანაპიროს და კუნძულ მადაგასკარს.
ახალ კვლევაში მეცნიერები ფოკუსირდნენ ამ სისტემის კონკრეტულ ნაწილზე — ტურკანას ნაპრალზე, რომელიც ასეულობით კილომეტრზეა გადაჭიმული კენიასა და ეთიოპიაში. ჯგუფმა შეისწავლა რეგიონში წარსულში ჩატარებული სეისმური გაზომვები და გამოთვალა ქერქის სისქე.
როგორც ჩანს, ის მოსალოდნელზე გაცილებით თხელია — მხოლოდ დაახლოებით 13 კმ სისქის ნაპრალის ცენტრში. შედარებისათვის გეტყვით, რღვევის რეგიონების გასწვრივ, ქერქის სისქე 35 კილომეტრზე მეტია.
როცა რღვევის ზონაში ქერქის სისქე 15 კმ-ზე ნაკლები ხდება, ნიშნავს იმას, რომ ის შედის „დაწვრილების“ ფაზაში. მას შემდეგ, რაც ამ წერტილს მიაღწევს, კონტინენტური რღვევა უკვე გარდაუვალია.
„რაც უფრო თხელდება ქერქი, მით უფრო სუსტი ხდება, რაც რღვევას აადვილებს“, — ამბობს როვანი.
რამდენიმე მილიონ წელში, ის ამ ფაზას დაასრულებს და შემდეგში გადავა — ოკეანიზაციაში. როგორც სახელიც მიუთითებს, ასე გაჩნდება ახალი ოკეანე.
ქერქი იმდენად გათხელდება, რომ ქვეშიდან მაგმა ამოიფრქვევა, რომელიც შემდეგ დაგროვდება, გაცივდება და აუზს წარმოქმნის. ის ახალი ზღვის ფსკერი გახდება — წყალი ინდოეთის ოკეანიდან დაიწყებს შემოსვლას.
ეს პროცესი უკვე დაიწყო აფარის დეპრესიაში, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარეობს, წითელი ზღვის სიახლოვეს.
მკვლევართა შეფასებით, ტურკანის ბზარი ამჟამინდელი დაწვრილების ფაზაში დაახლოებით ოთხი მილიონი წლის წინ შევიდა, ხანგრძლივი ვულკანური აქტივობის პერიოდის შემდეგ. საინტერესოა, რომ ეს ემთხვევა ამ რეგიონში აღმოჩენილ ჰომინინთა ყველაზე ადრეული ნამარხების ასაკს.
ჯგუფის აზრით, სავარაუდოდ, ეს უბრალო დამთხვევა არაა. როცა ნაპრალი დაწვრილებას იწყებს, იწყება დანალექების უფრო სწრაფად დაგროვება, რაც მას იდეალურს ხდის იმ დროს იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დეტალური ჩანაწერის შესაქმნელად.
„დროებითი დამთხვევა ამ ტექტონიკურ გადასვლასა და ნამარხების შემცველი სქელი ფენების უწყვეტ წარმოქმნას შორის, იმაზე მიუთითებს, რომ დაწვრილების ფაზამ უზრუნველყო ნამარხების შენარჩუნებისთვის კრიტიკული გარემო პირობები. ვვარაუდობთ, რომ ამ ტექტონიკურმა ცვლილებებმა ფუნდამენტური როლი შეასრულა ტურკანის რღვევის ზონის განსაკუთრებული პალეონტოლოგიური ღირებულების ჩამოყალიბებაში“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევართა განცხადებით, ამ კავშირს შემდეგ კვლევებში შეისწავლიან.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.climate.columbia.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.