ყველამ ვიცით, რომ ზედმეტი ალკოჰოლის მოხმარება ჩვენთვის ცუდია, მაგრამ ახალი კვლევის თანახმად, ალკოჰოლის მცირე დოზით მიღებამაც კი შეიძლება თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს.

ამერიკელ მკვლევართა ჯგუფი დიდი ოდენობით სმას უკავშირებს თავის ტვინის პერფუზიის (სისხლის მიმოქცევა) შემცირებას და ტვინის უფრო თხელ ქერქს (ტვინის ის ნაწილი, სადაც ყველაზე მაღალი დონის აზროვნება კონტროლდება).

მნიშვნელოვანია, რომ ეს ნიშნები იპოვეს ადამიანებში, რომლებიც მამაკაცების შემთხვევაში თვეში 60 ან ცოტა ნაკლებ ჭიქას სვამდნენ, ქალების შემთხვევაში კი 30 ჭიქას ან ნაკლებს. უხეშად რომ ვთქვათ, ერთი ბოთლი ლუდი, პატარა ჭიქა ღვინო ან სპირტი დაახლოებით 14 გრამ სუფთა ეთანოლს უდრის.

ამ დონეებზე დაბლა შენარჩუნება დიდი ხანია რეკომენდებულია, თუმცა აშშ-ის უახლესი დიეტური რეკომენდაციები აღარ განსაზღვრავს უსაფრთხო დღიურ ლიმიტს.

ამას გარდა, მკვლევრებმა მიაგნეს კორელაციას სმას, ასაკს და ტვინის ყველაზე გარე შრეში — ქერქში სისხლის ნაკადსა და მის სისქეს შორის.

შედეგები მიუთითებს, რომ შესაძლებელია, დროთა განმავლობაში ერთჯერადად დალევის ეფექტიც კი გაიზარდოს.

„ალკოჰოლის მოხმარებას შეიძლება უარყოფითად აისახოს ქერქის ქსოვილის მთლიანობაზე, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად. ამ კვლევის შედეგებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ზიანის შემცირების მიმდინარე სტრატეგიებსა და ალკოჰოლის მოხმარების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სახელმძღვანელოებზე“, — წერენ მკვლევრები.

კვლევაში ჩართული იყო 22-დან 70 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ზრდასრული, რომლებსაც არ ჰქონდათ ალკოჰოლის მოხმარების დარღვევის ან ჭარბი მოხმარების ისტორია ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

მათ დაუსვეს კითხვები ბოლო ერთი წლის, ბოლო სამი წლის და ცხოვრების განმავლობაში მათი სმის ჩვევების შესახებ.

ყველა მონაწილის მასშტაბით, ალკოჰოლის საშუალო მოხმარება თვეში 21 ჭიქა იყო, მთელი ცხოვრების განმავლობაში. რაოდენობა თვეში 1-დან 54 ჭიქამდე მერყეობდა.

ამის შემდეგ, ამ კითხვების საფუძველზე მიღებული მონაცემები შეადარეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ტვინის ქერქის სისქის გაზომვის შედეგად მიღებულ მონაცემებს, ასევე ტვინის პერფუზიის გაზომვის მონაცემებს, რომლებიც 27 მონაწილისგან იყო მიღებული. ტესტები მხოლოდ ერთხელ ჩაატარეს — კვლევის მონაწილეებს დროთა განმავლობაში აღარ მეთვალყურეობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქერქის სისქე დაკავშირებული იყო სმის დონესთანაც, კავშირი უფრო ძლიერი იყო ტვინის პერფუზიის შემთხვევაში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ალკოჰოლის დონეს შეიძლება უფრო დიდი ეფექტი ჰქონდეს სისხლის მიმოქცევაზე, რაც თავის მხრივ, ზრდის ტვინის ქსოვილის დაზიანების რისკებს.

როგორც სხეულის დანარჩენი ნაწილის შემთხვევაში, ტვინში სისხლის ძლიერი ცირკულაცია გადამწყვეტია ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების საჭიროების ადგილას მიწოდებისა და ნარჩენებისგან გამოსასუფთავებლად.

„ერთად აღებული, დასკვნები შეიძლება ასახავდეს ალკოჰოლის მცირე დოზით მოხმარების ერთობლივ ეფექტებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რაც ასაკთან ურთიერთქმედებისას ხელს უწყობს ქერქის პერფუზიისა და სისქის სინერგიულ შემცირებას“, — წერენ მკვლევრები.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა არ ჩასულა ამ კავშირების მიზეზებამდე, უკვე ისედაც ბევრი რამ ვიცით ალკოჰოლის ეფექტების შესახებ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ოქსიდაციური სტრესი — ანუ ბიოლოგიური ცვეთა, რასაც ალკოჰოლი უწყობს ხელს — ამ შემთხვევაშიც სავარაუდოდ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

გასათვალისწინებელია რამდენიმე დეტალი — კვლევა არ აჩვენებს პირდაპირ მიზეზშედეგობრივ ეფექტს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩატარებულია დროის მხოლოდ ერთ კონკრეტულ წერტილში. ასევე, სმის ჩვეულებები თვითმოხსენებული იყო და შესაბამისად, ისინი შეიძლება მთლად ზუსტი არაა; ასევე არ გაუთვალისწინებიათ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კვების რაციონი და ვარჯიში.

ამ შეზღუდვების გათვალისწინებითაც კი, დასკვნები ყურადსაღებია და შეესაბამება მზარდ ტენდენციას ჯანმრთელობის კვლევებში. რამდენიმე კვლევა უკვე ეჭვქვეშ აყენებს იდეას იმის შესახებ, რომ არსებობს ალკოჰოლის სმის „უსაფრთხო“ დონე.

უფრო მეტიც, აშშ-ის კვების რაციონის უახლესი ოფიციალური სახელმძღვანელო, რომელიც 2026 წლის დასაწყისში განახლდა, თავს იკავებს ალკოჰოლის იმ კონკრეტული რაოდენობის დასახელებისგან, რომლის ფარგლებშიც უნდა დავრჩეთ; ამის ნაცვლად, წერს, რომ უკეთესი ზოგადი ჯანმრთელობისთვის, ადამიანებმა ნაკლები ალკოჰოლი უნდა მოიხმარონ.

ამ ახალი კვლევისა და ადრე გამოქვეყნებული კვლევების გათვალისწინებით, ალბათ დროა, გადახედოთ, რამდენად გიღირთ ალკოჰოლის მოხმარება.

მკვლევრები ასკვნიან, რომ საჭიროა მეტი კვლევა, რათა უკეთესად გავიგოთ მოზრდილებში ალკოჰოლის „დაბალი რისკის“ მოხმარების ფუნქციური ნეირობიოლოგიური შედეგები.

კვლევა ჟურნალ Alcohol-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ში გამოქვეყნდა.

წყარო: პირველი არხი