როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხის დროს?

რეკომენდაციები ზაფხულში

ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს.


ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვს აქვს: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულის რევა, ღებინება, დაბუჟება, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა), ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა.

თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

დაბანეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად.

  • წლის ცხელ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ დამდგარ წყალსატევებსა და ტბებში შესვლას და ბანაობას, რათა თავიდან აიცილოთ რიგი დაავადებები (ტულარებია და სხვა).


თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება.

თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.

  • განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ტკიპის ნაკბენის მიმართ: ასეთ შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს და შეასრულეთ შესაბამისი რეკომენდაციები. ტკიპის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად ტყეში და მინდორში ყოფნისას აუცილებლად ატარეთ დახურული ტანსაცმელი, იქ ყოფნისას ხშირად და სახლში დაბრუნებისას დაათვალიერეთ სხეული.

 

  • თერმულად კარგად დაამუშავეთ ცხოველური საკვები პროდუქტები, რათა თავიდან აიცილოთ საკვების-მიერი ინფექციური დაავადებების გადაცემა (სალმონელოზი და სხვ.). არ დატოვოთ საკვები ღია სივრცეში შეფუთვის გარეშე, რათა არ მოხდეს მისი დაბინძურება მწერების (ბუზების და სხვა) მიერ.
  • არ დატოვოთ მალფუჭებადი საკვები (ტორტი, ნამცხვრები და სხვა რძის პროდუქტებზე დამზადებული, გატარებული ხორცის შემცველი პროდუქტები და სხვა) ღია და ცხელ გარემოში, 1 საათზე მეტი ხნით. დაიცავით საკვების შენახვის წესები (განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისთვის), პროდუქტი შეინახეთ მაცივარში.

 

  • ხელის ჰიგიენის სწორად დაცვა თავიდან აგვაცილებს ნაწლავურ და სხვა ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც, წლის ცხელ პერიოდში, უფრო ხშირია.

 

  • არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში, ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯრის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით.

 

  • თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს