მთავრობამ პარლამენტს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მომდევნო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ მოხდება და მათ სწავლის საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ. ამავე ცვლილებებით უქმდება სასწავლო გრანტი 2250 ლარის ოდენობით, შესაბამისად სტუდენტები, რომლებიც კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ. კანონით ასევე განისაზღვრება, რომ ბაკალავრიატის საფეხური იქნება 3-წლიანი, ანუ 180 კრედიტის მიღება ბაკალავრის ხარისხის მისაღებად იქნება საკმარისი, ხოლო მაგისტრატურა კი 1-წლიანი გახდება და მისაღები კრედიტების რაოდენობა 60-ით განისაზღვრება.

2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უნივერსიტეტებმა 31,705 პირველკურსელი მიიღეს. აქედან 21,538 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა, 10,167 სტუდენტი კი - კერძო უმაღლეს სასწავლებლებში.

ჯერჯერობით, უცნობია რამდენ სტუდენტს მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლები 2026 წელს, თუმცა იმ შემთხვევაში თუკი მომდევნო წელსაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება 20,000-21,500-ის ფარგლებში იქნება, მაშინ მათი ერთი წლის სწავლის საფასური 45-48.5 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება.

იქიდან გამომდინარე, რომ ახალი სისტემის დაფინანსება 2026 წლის ბიუჯეტს მხოლოდ ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში მოუწევს, შესაბამისად სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების საბიუჯეტო დაფინანსება 22.5-24.2 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება.

ეს ასახულია კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც, სადაც ნათქვამია, რომ მომდევნო წელს სტუდენტების დაფინანსებისთვის დამატებით 20 მილიონი ლარის გამოყოფა იქნება აუცილებელი.

ამავდროულად, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგრანტო დაფინანსების გაუქმების შედეგად გამოთავისუფლდება 10 მილიონი ლარი, რაც ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების დაფინანსებაზე მიიმართება, თუმცა ამავდროულად ბიუჯეტს ამ მიმართულებით 20 მილიონი ლარის გამოყოფაც მოუწევს. ამასთან, "უმაღლესი განათლების კანონში" დაინიიიცირებული ცვლილებების განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამ რეფორმის სრული ღირებულების განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია და ის უფრო სრულყოფილად 2027-2030 წლების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში იქნება წარმოდგენილი, რა დოკუმენტსაც სამინისტრო მომავალში მოამზადებს.

"2026 წლის სტუდენტთა მიღების ფარგლებში რეფორმის გათვალისწინებით 2026 წელს გამოთავისუფლდება დაახლოებით 10,100,000 ლარი, რაც ასევე მოხმარდება 2026 წელს კონცეფციის განხორციელების პირველი ეტაპს.

გარდა ამისა, 2026 წელს შესაძლებელია საჭირო გახდეს ბიუჯეტიდან დამატებით თანხის გამოყოფა, რაც დამოკიდებულია მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტუდენტების მიღების კვოტაზე, ასევე, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე შერჩეულ პროფესიებზე. ბიუჯეტიდან დამატებით გამოსაყოფი თანხა შეადგენს არაუმეტეს 20,000,000 ლარს.

საშუალოვადიან პერიოდში გასაწევი ხარჯების მოცულობის შესახებ უფრო სრული ინფორმაციის ფლობა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დაიწყება უმაღლესი განათლების კონცეფციის განხორციელების ეტაპები. ფაქტობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება დაფინანსების მოცულობის განსაზღვრა, რაც ასახული იქნება 2027-2030 წლების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

bm.ge