პროგნოზების თანახმად, ვირუსების მიმდინარე სეზონი გრიპის გავრცელების თვალსაზრისით მძიმე იქნება, ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განაცხადა.
„ამჟამად რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების საწყის ეტაპზე ვართ და ამის უკან, პირველ რიგში, გრიპი იგულისხმება. არსებობს რამდენიმე კვლევა და რამდენიმე სერიოზული ექსპერტისა და ინსტიტუციის წინასწარი პროგნოზი, რომ 2025-2026 წლების სეზონი გრიპის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება. ამის უკან დგას „ა“ ტიპის ვირუსის, ე.წ. ჰონგკონგის ვირუსის - H3N2-ის 7 მუტაცია, რომელიც ამ ვირუსმა ივნისის თვეში განიცადა. შესაბამისად, გახდა უფრო იოლად გადამდები და ალბათობა იმისა, რომ გრიპის შემთხვევები წელს გვქონდეს უჩვეულოდ მაღალი, ძალიან დიდია,“ - აღნიშნა ჩხაიძემ და განმარტა, რომ მუტაციის შედეგად ვირუსის გადამდებლობა გაზრდილია.
„ამიტომ მინდა, იმ ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ასევე 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებმა ეს პროგნოზი გაითვალისწინონ პრევენციის იდეალური შესაძლებლობა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარონ თავიანთ შვილებს,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ გრიპის გართულებებს შორის ყველაზე რთულია ფილტვების ანთება.