„გუდაურში არ არსებობს კლინიკა, სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ყაზბეგიდან მოდის“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა, მირანდა ესაკიამ ისაუბრა.

როგორც ესაკია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ დამსვენებელი სრიალის დროს ტრავმას მიიღებს, რაც ძალიან ხშირია, მისთვის გუდაურში სამედიცინო დახმარების აღმოჩენა პრაქტიკულად, ვერ ხერხდება.

ამასთან, „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ გუდაურიდან, ძირითადად, დაშავებულის გადაყვანა თბილისის მიმართულებით ხდება, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე არსებული ხშირი საცობები კი დამატებით პრობლემებს ქმნის.

„არ გვაქვს ამბულატორია, საშინელი მდგომარეობაა ამ კუთხითაც. რამე რომ დაგემართოს, თბილისში უნდა წამოგიყვანონ გუდაურიდან. მითუმეტეს, ეს საცობები იმხელა პრობლემაა, მოტეხილი ფეხით ტურისტს შეიძლება საათობით მოუწიოს საცობში დგომა, გუდაურიდან თბილისამდე.

გუდაურში კლინიკა არ არსებობს, აქვს 50-კვადრატულიანი ვითომ სამედიცინო მედპუნქტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თაბაშირის დადებასაც კი. ეს ხდება ასეთი საფრთხის შემცველი სპორტის კურორტზე. ვერ წარმოიდგენთ, თან რამდენად ხშირია მოტეხილობები გუდაურში. ელემენტარულად, ბავშვთა ექიმი არ გვყავს. ამ პუნქტს, ჩემი აზრით, საერთოდ არ შეიძლება, რომ სამედიცინო დაწესებულება დაერქვას. იქ რომ მიხვალ, საბოლოო გამოსავალი არის ის, რომ გადაგიყვანენ ან თბილისში, ან ყაზბეგში. ვერაფერს ვერ გაგიკეთებენ იქ სამწუხაროდ სხვას. მაქსიმუმ შეუძლიათ, რომ გამაყუჩებელი დაგალევინონ. ვერანაირ სამედიცინო მანიპულაციებს ვერ ჩაგიტარებენ. სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ყაზბეგიდან მოდის.

შეგვპირდა ეკონომიკის მინისტრი ამ პრობლემების მოგვარებას, თუმცა იმდენ რამეს შეგვპირდნენ, რაც დღემდე არ მოგვარებულა. რა ხდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით საერთოდ ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ბიზნესი ასეთი კრიტიკულები ვართ იმიტომ, რომ 11 წელზე მეტია ასეთი პრობლემებია და არ გვარდება. სახელმწიფო ყველა სტრუქტურამ კი ამ კრიტიკის გამო გამო ჩვენთან კომუნიკაცია დაკარგა“, - აცხადებს მირანდა ესაკია.

„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ სამედიცინო სერვისების კუთხით პრობლემებია ბაკურიანშიც. სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელის, ეკა ორჯონიკიძის თქმით, ბაკურიანმა შესაბამისი სამსახურებისგან დაბაში სასწრაფო დახმარების მინიმუმ 2 ეკიპაჟის, კატასტროფის ბრიგადისა და კლინიკისთვის პერსონალის დამატება ითხოვა.

„ბიზნესპრესნიუსი“ კითხვით, მოხდება თუ არა წელს ზამთრის კურორტებზე არსებული სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ: „საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრული იქნება შესაბამისი რაოდენობა“.

კურორტებზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით კითხვებით მივმართეთ „მთის ტრასების სააგენტოსაც“, თუმცა რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად, სააგენტოსგან ჯერჯერობით ინფორმაცია არ მიგვიღია. მათ პოზიციას პასუხების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი