ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 34-ე სესიაში მონაწილეობს.

„ასამბლეას ყველა ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მის ფარგლებში საუბარი შეეხო: საზღვაო სატრანსპორტო მიმართულების განვითარებას, მის უსაფრთხოებას, ისევე როგორც მის შემდგომ განვითარებასა და ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების კუთხით“, -აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მისი მოადგილე თამარ იოსელიანი და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი შედიან, ასამბლეის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა საზღვაო სფეროში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების - თურქეთის, საბერძნეთის და კვიპროსის სამთავრობო დელეგაციებთან. სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხს შეეხო.

„კოლეგა მინისტრებთან ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. ასევე ვიმსჯელეთ ახალ სამომავლო გეგმებზე, რის ფარგლებშიც შეგვიძლია, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები გავაღრმავოთ, მათ შორის ტრანსპორტის სექტორში. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს როლზე შუა დერეფნის კონტექსტში, რის ფარგლებშიც ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს უმსხვილესი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ჩვენს ქვეყნაში სატრანსპორტო, განსაკუთრებით კი საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრებისას ვრცლად იქნა განხილული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარების საკითხი, რომელსაც, უმნიშვნელოვანესი როლი ექნება საქართველოს პოზიციონირების გაძლიერების თვალსაზრისით.

„ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, განსაკუთრებით მეზღვაურების ცოდნის სერტიფიცირების, ისევე როგორც მათი დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს