"ჩემს ყურადღებას იქცევს "ბრიტანულ - ქართული აკადემიის" მინორიტარი აქციონერის, 30%-ის მფლობელი ნათია ჯანაშიას ნარატივი, რომლის მიხედვითაც იგი სკოლის წარმატებას მთლიანად საკუთარ დამსახურებად  წარმოაჩენს. ცხადია, სკოლის განვითარების ისტორია რეალურად შთამბეჭდავია, თუმცა მსხვილი კორპორაციული პროექტების შემთხვევაში დიდი წარმატება, როგორც წესი, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით იქმნება. ერთ მხარეს შეიძლება ეკუთვნოდეს იდეა, საგანმანათლებლო ხედვა და სისტემის ჩამოყალიბება, მაგრამ მეორე მხარის მიერ უზრუნველყოფილი კაპიტალი, ფინანსური მდგრადობა და საინვესტიციო რესურსები არანაკლებ, თუ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც "ბრიტანულ - ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავას პერიოდულად მედიითა და სოციალური ქსელით ეხმაურება.

"ჩემი დაკვირვებით, საბოლოო ჯამში, მიმდინარე დავა ბევრად  უფრო კომპლექსურია, ვიდრე "ბოროტი ინვესტორისა" და "უდანაშაულო დამფუძნებლის" დაპირისპირების გამარტივებული სქემაა, რაც სინამდვილეში არ ხდება და რის დაჯერებასაც, საკუთარი განცხადებებით, დაჟინებით, უარგუმენტოდ  და აგრესიულად გვთავაზობს ნათია  ჯანაშიას მხარე. 

ფაქტობრივად, საქმე ეხება კლასიკურ კორპორაციულ კონფლიქტს პარტნიორებს შორის, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება როგორც ფინანსური ინტერესები, ისე მმართველობითი ხედვები და უფლებამოსილების განსხვავებული ინტერპრეტაციები", - მიაჩნია ცუცქირიძეს. 

მისი თქმით, აქსიომაა, რომ მაჟორიტარ პარტნიორს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი მსხვილი ინვესტიცია და მოითხოვოს ეფექტიანი კორპორაციული მართვა, ხოლო მინორიტარ პარტნიორს - მოითხოვოს პროცესების გამჭვირვალობა და საკუთარი უფლებების დაცვა. 

"სწორედ ამ ბალანსის დადგენა არის სასამართლო პროცესის მთავარი ამოცანა, მაშინ როდესაც საჯარო სივრცეში ემოციური ნარატივები ხშირად რეალური სამართლებრივი და კორპორაციული საკითხების ჩრდილში ტოვებს მთავარ არსს", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.