“საქართველოში საწვავზე ფასებმა 5-დან 8 თეთრამდე დაიწია, ჩემი მოლოდინია, რომ ფასების კლება ცოტათი კიდევ შეიძლება, მოხდეს”,-ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ,ვახტანგ იობაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იობაშვილის თქმით, 5 თვეა საქართველოში ფასებზე განსაკუთრებული რყევები არ შეინიშნებოდა და ფასები საკმაოდ სტაბილური იყო.
“ფასებს მსოფლიო სანავთობო ბაზარი აწესებს, საერთაშორისო პლაცები, ოპეკის ქვეყნები. გვინდა, თუ არ გვინდა, ამას გლობალურად მსოფლიო სანავთობო ბაზრები განაგებს. რაც შეეხება სიტუაციას ჩვენთან: 5 თვეა საქართველოში ფასებზე განსაკუთრებული რყევები არ შეინიშნებოდა. ფასები საკმაოდ სტაბილური იყო. დღეს, მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე ფასთა კლება დაიწყო. საქართველოში ფასების დაწევა 5-დან 8 თეთრამდე მოხდა. წინდაწინ პროგნოზირებად განცხადებას ვერავინ გააკეთებს, არავინ იცის, არც შეიძლება, იცოდეს, რა იქნება ხვალ, ზეგ, ახლო მომავალში. იქიდან გამომდინარე, რომ გეოგრაფიულად ძალიან კარგი მდებარეობა გვაქვს, ირგვლივ ბევრი სანავთობო ქვეყანა გვყავს, ჩემი მოლოდინია, რომ ფასების კლება ცოტათი კიდევ შეიძლება, მოხდეს, ალბათ მომდევნო დღეებში. ამას ყველაფერს ვაკვირდებით. არა მარტო სანავთობო ფასებს ვაკვირდებით, არამედ დოლარის და ლარის ურთიერთობას, მთლიანობაში ამ ფინანსური მონაცემებიდან ამა თუ იმ კომპანიაში ფასები ყალიბდება” – განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
მანვე განმარტა, რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში ამჟამად საწვავი.
“კითხვა გექნებათ, ახლო აღმოსავლეთში ძალიან დაძაბული სიტუაციაა და რა შეიძლება, მსოფლიო სანავთობო ბაზრებს ელოდებოდეს. რომ გითხრათ რომ არაფერი, მაშინ ეს მართალი არ იქნება. არაბული ქვეყნები, სუეცის არხი, წითელი ზღვა, ლიბია – უზარმაზარი სანავთობო ქარხნებია, აქედან წამოსული ნავთობი მსოფლიო ბაზარს ხომ დააკლდება? არ შეიძლება, ამან გავლენა არ იქონიოს. ომს კარგი არაფერი მოაქვს. როგორც პროფესიონალმა მეზღვაურმა, მინდა, გითხრათ, რომ ცუდი ამინდიც კი მოქმედებს, როდესაც სუეცის არხზე ნავთობი გადმოდის, რომელიც გადასამუშავებლად მიდის, რომელიც შემდეგ მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე ღირებულებას, ფასებს ასახავს. ჩვენ გვშველის ის, რომ ძალიან კარგი კომპანიები გვყავს და მთავარი – საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა. საწვავი ძალიან შორიდან არ მოგვაქვს. რუსეთის ბაზარი პროგნოზირებადი არაა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ახალ წლამდე ბენზინს არ გვაძლევენ. სამაგიეროდ, აძლევენ აფხაზეთს, სამაჩაბლოს, აზიური ქვეყნების წარმომადგენლებს. მაგრამ, საწვავს გვაძლევს ბელარუსია, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, შუა აზიაც. მაგრამ, შუა აზიური საწვავი ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, ხარისხს, რაც ქვეყანაში გვაქვს. მოგეხსენებათ, დღეისთვის “ევრო 5” სტანდარტი გვაქვს. აზერბაიჯანი დიზელზე უარს არ გვეუბნება, სტანდარტი “ევრო 5-ია”. ბენზინს კი ჯერ ვერ გვაძლევს. გადაიარაღება (ქარხნების), ფაქტობრივად, დასრულებულია, მაგრამ, მოგეხსენებათ, რამდენი კომისია მუშაობს, რომ “ევრო 5″ ჩვენთან წამოვიდეს. ანუ, რაღაც ტექნიკური საკითხებია, ალბათ, დარჩენილი. რა თქმა უნდა, შემდეგ შემოვა”, – განაცხადა იობაშვილმა.