ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, თუმცა მას 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეს თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა.
„დედაქალაქის მუნიციპალური თავშესაფარი ლილოში ფუნქცნიონირებს, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიუსაფარი პირები კვებით, პირადი მოხმარების ნივთებითa და ჰიგიენური საშუალებებით არიან უზრუნველყოფილი, 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. თავშესაფრის მობინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი მოვლისა და მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია უზრუნველყოფს. თავშესაფრის მობინადრეებს ემსახურებიან სოციალური მუშაკები, საჭიროების მიხედვით კი უზრუნველყოფილი არიან ფსიქოლოგის მომსახურებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიუსაფარ პირთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობის დახმარებით, სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი არტ თერაპიაა.
„მიუსაფარი პირები ეუფლებიან ხატვას, ქარგვას, კერვას, ქსოვას და პოლიმერულ თიხაზე მუშაობას. ასევე, მათი პროფესიული უნარების განვითარებისა და შემდგომში თვითდასაქმებისთვის ტრენინგები ტარდება. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ინდივიდუალური მუშაობის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობენ მობინადრეთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, მხარდაჭერასა და მათ გუნდური ნამუშევრების შექმნაში ეხმარებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, დღეისთვის თავშესაფარში 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, რომელთაგან 45 ქალია. თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა - 18 წლის მამაკაცია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული - 92 წლის ქალი.
„მუნიციპალურ თავშესაფარს, მისი ფუნქციონირებიდან დღემდე, სრული დატვირთვით არასდროს უმუშავია და მობინადრეთა მაქსიმალური რაოდენობა ზამთრის პერიოდის ჩათვლით, 170 პირი იყო. მოქალაქეს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა. თავშესაფარში მოსახვედრად დედაქალაქში რეგისტრაციაა საჭირო, თუმცა ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მათ ამის გამო, ღამის გათევაზე უარს არ ეუბნებიან“, - აღნიშნა მერმა.
მისივე თქმით, თავშესაფრის გამართული მუშაობისთვის ბიუჯეტში 4 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს