ბელგიური ორგანიზაცია Mutualités Libres-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ორმხრივი და არაერთგვაროვანია. სამედიცინო მიზნით ოპიოიდების მოხმარება მცირდება, მას 15%-ით ნაკლები ქრონიკული მომხმარებელი იყენებს, 32%-ით არის შემცირებული დოზების რაოდენობა, მაგრამ... სწორედ აქ არსებობს ერთი „მაგრამ“: როდესაც ადგილი აქვს ოპიოიდების მოხმარებას, ეს პროცესი, როგორც წესი, ხანგრძლივი და უწყვეტია. ტერმინი „ქრონიკული მომხმარებელი“ გამოიყენება მაშინ, როდესაც პრეპარატს წელიწადში 3 თვეზე მეტხანს იღებენ.

Image can not be shown due to copy rights restrictions.

ქრონიკული მომხმარებლის 95% ოპიოიდებს ყოველწლიურად იყენებს

ციფრები თავად მეტყველებენ: 2023 წელს, ყოველი ორი ქრონიკული მომხმარებლიდან ერთი 5 წლით ადრეც იყო ქრონიკული მომხმარებელი. მეტიც - ასეთი პაციენტების 95 პროცენტი ოპიოიდებს, ამ პერიოდში, ყოველწლიურად იღებდა. ოპიოიდების რეგულარულ მიღებას თავისი შედეგები აქვს. გარდა კლასიკური გვერდითი ეფექტებისა, როგორიცაა გულისრევა, ყაბზობა, დაბალი წნევა, სუნთქვის პრობლემები და ძილის დარღვევები (მიუხედავად მიღების ხანგრძლივობისა), არსებობს სხვა არასასურველი ეფექტებიც. „მაგალითად, შეიძლება გაჩნდეს მეხსიერების პრობლემები, ასევე გუნება-განწყობილების დარღვევები, რამაც შესაძლოა დეპრესიამდეც კი მიგვიყვანოს“, - ამბობს ბრუგმანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ალგოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი და ტკივილის ცენტრის კოორდინატორი, დოქტორი ნატალი მატიე. „ასევე შეიძლება არსებობდეს ზედოზირების რისკი. ზედოზირება არის მდგომარეობა, როდესაც იგივე ეფექტის მისაღებად დოზის გაზრდა გიწევთ. თუმცა, ამ პრეპარატებთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ისეთი რამ, რასაც ჰიპერალგეზია ეწოდება. შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჰიპერალგეზია ნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალია დოზა, მით უფრო ინტენსიურია ტკივილი“, - აგრძელებს ექიმი.

დამოკიდებულებაც ისევე ხშირი მოვლენაა, როგორც ოპიოიდების არასათანადო გამოყენება. „პაციენტები მათ იმიტომ იღებენ, რომ უნდათ, რეალობას გაეთიშონ. ისინი ოპოიდებს იყენებენ, როგორც დასაწყნარებელ ან დასაძინებელ საშუალებას, ანუ, არა როგორც მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს“, - დასძენს დოქტორი ნატალი მატიე.

აშშ: იყენებს თუ არა ტრამპი ოპიოიდების კრიზისს სავაჭრო ომში? (ფრანგულ ენაზე)

მაღალი რისკის პროფილები

Mutualités Libres-ის კვლევის კიდევ ერთი დასკვნა ისაა, რომ ქრონიკული მოხმარების დროს, ყველა თანასწორ მდგომარეობაში არ არის - ხანდაზმულები, სოციალურად დაუცველები და ქალები მეტი რისკის ქვეშ ხვდებიან. ქრონიკული მომხმარებლების თითქმის 6 პროცენტი 80 წელს გადაცილებულია, 4 პროცენტს ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ხოლო 2 პროცენტი ქალია.

ამ უთანასწორობის ასახსნელად რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს. „გარკვეული პროფილის ადამიანებს უფრო მეტად აწუხებთ ტკივილი. ეს, უპირველესად, ეხება ხანდაზმულებს. გარკვეული როლი შეიძლება სოციალურმა გარემომაც ითამაშოს. ზოგიერთი სამუშაო უფრო მძიმეა, ან ადამიანებს, მკურნალობის გარდა, ნაკლები ფული აქვთ ფიზიოთერაპევტთან ან ფსიქოლოგთან ვიზიტებისთვის“, - განმარტავს Mutualités Libres-ის მედიკამენტების ექსპერტი, კლერ ჰიუგებერტი.

არსებობს რეგიონული განსხვავებებიც. ოპიოიდების ქრონიკული მოხმარების ყველაზე დიდი კლება ბრიუსელშია (-20%), შემდეგ მოდის ვალონია (-16%) და ფლანდრია (-10%).

ოპიოიდების კრიზისი: გახდა თუ არა ბელგიაც ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებული?(ფრანგულ ენაზე)

რამდენიმე რეკომენდაცია ტენდენციის შესაცვლელად

Mutualités Libres-ის კიდევ ერთი მიგნება ის არის, რომ შემთხვევების 80 პროცენტის დროს ოპიოიდების დამნიშვნელი ოჯახის ექიმია. ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, რომ პაციენტები, პირველივე დანიშნულების მიღებისთანავე, უნდა გაიგზავნონ სპეციალისტთან ან ტკივილის ცენტრში, რათა მკურნალობის მკაფიო გეგმა შემუშავდეს.

კვლევის ავტორი ექსპერტების აზრით, პრობლემის არსი ქრონიკული ტკივილის უკეთ გაგებაში მდგომარეობს. „როგორც კი ამის შესახებ მეტი გვეცოდინება, შევძლებთ პრობლემას მულტიმოდალური და მულტიდისციპლინური გზით მივუდგეთ. მაგალითად, შეგვიძლია უზრუნველვყოთ მობილობის ან კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება, რაც სხვა სპეციალისტების, მაგალითად, ფიზიოთერაპევტების ან ფსიქოლოგების ჩართულობას მოითხოვს“, - ამბობს ჰიუგებერტი.

Mutualités Libres-ის აზრით, სწრაფად უნდა შესრულდეს ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა კიდევ უფრო შემცირდეს იმ მედიკამენტების ქრონიკული მოხმარება, რომლებიც უვნებლობისგან შორს არიან.

წყარო: 1 არხი