დემოგრაფიული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ეკონომიკური ფაქტორებია, - მიიჩნევს COST-ის ექსპერტი გიგა თვაური, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების გამოსწორებაზე ზრუნვა არათანმიმდევრულად ხდება და ძალიან ბევრი მცდარი ნაბიჯია გადადგმული.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიგა თვაური აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა არის ინკლუზიურობის არქონაა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დემოგრაფიულ პროგრესს არ განიცდის არც სომხეთი და აზერბაიჯანი. ის კი არა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებსაც ჩვენთან შედარებით შეიძლება მშპ-ით ერთ სულ მოსახლეზე 3-ჯერ მეტი მაჩვენებლები ჰქონდეთ, მათაც პრობლემა აქვთ და დასავლეთ ევროპაში, ამერიკასა და კანადაში მიდიან სამუშაოდ. კი, მშპ-ის ზრდა გვაქვს, მაგრამ ხომ უნდა შევადაროთ, რა ნიშნულზე ვართ? 10 ათასი დოლარი მშპ როცა გვაქვს, ამისთვის საჭიროა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რათა ჩვენი ქვეყანა პირველ რიგში, ისევ საკუთარი მოქალაქეებისთვის გახდეს მიმზიდველი, სამუშაო ძალის გადინება რომ შევაჩეროთ.

მთავარი პრობლემა არის ინკლუზიურობის არქონა. ვხედავთ, რომ IT-სექტორის ექსპორტი არა ყველაზე მნიშვნელოვან, მაგრამ ძალიან თავმომწონე ადგილს იკავებს ჩვენს მშპ-ში, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ არანაირი რეფორმა არ ჩატარებულა, რომ საქართველოს ადგილობრივ IT-სექტორს ზრდა ჰქონოდა და ვიცით, რომ მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა“, - ამბობს გიგა თვაური.

გიგა თვაურს დემოგრაფიულ და ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლის მაგალითად ესტონეთი მოჰყავს და აცხადებს, რომ საქართველოზე 3-ჯერ პატარა სახელმწიფომ შეძლო და მდგომარეობა გამოასწორა.

„ესტონეთის მთავრობის მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ შეექმნა სამუშაო ძალა. ტექნოლოგოიებში, IT-ინდუსტრიაში მოიზიდეს ინვესტიციები და შემდეგ, მთავრობის ძალიან დიდი ძალისხმევით, კადრები გადამზადდა და დღეს ესტონეთი ამ მხრივ ძალიან წინ არის. ჩვენთან კი მხოლოდ განცხადებები რას უშველის, არ ვიცი.

ეკონომიკაში ერთ-ერთი ფაქტორია ფასები და ინფლაცია, მაგრამ უბრალოდ, რა ხდება, იცით? მგონია, რომ ძალიან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე. სუსი არის შესული საცალო სავაჭრო ქსელებში. ქვეყანა როგორ უნდა განვითარდეს, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის შესული საცალო სავაჭრო ქსელსა და დისტრიბუციებში. ამჯერად ახალი რაღაც დაემატა, რომ ეკოლოგიისა და გადატვირთულობის გამო 2020 წლამდე მანქანები ვეღარ შემოვა. საერთოდ საგიჟეა, რა სიგნალებს ვუგზავნით მოსახლეობას, რომლებიც გვინდა, რომ პირიქით, საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია პლასტმასის ამოღება, ამაზე მაგარი ამბავი არ არსებობს, მაგრამ ეს შვედეთმა ვერ შეძლო ბოლომდე. ეს ხომ ფასების ზრდას გამოიწვევს? მგონია, რომ მეტი კონსულტაციები უნდა გაიარონ დარგის ექსპერტებთან, აკადემიასთან, კვლევის ცენტრებთან და გადაწყვეტილებები ამის შემდეგ მიიღონ. ფასების კომისიაში როგორ შეიძლება, არ იყოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი? ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი გამოესწორებინათ“, - აცხადებს გიგა თვაური.