„ევროკავშირის დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში 250 მილიონის ფარგლებშია“, - ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ ვიდეორგოლში განაცხადა, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

მისი თქმით, დემოკრატიული საზოგადოების სოლიდარობა ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და კვლავაც სჯერა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები განვითარდება.

„დიდი მიზანი იყო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარება - ქართული ჯანდაცვის სტანდარტის მიახლოება ევროკავშირის სტანდარტთან. ევროკავშირი რამდენიმე ფორმით იყო ჩართული.

პირველი, 90-იან წლებში ყველაზე რთულ პერიოდში ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება უფრო მეტი ევროკავშირის დიდი ქვეყნების. მინდა გამოვყო განსაკუთრებით გერმანიის დახმარება ტუბერკულოზის დარგში - წამლებით გვამარაგებდნენ.

მეორე დიდი პროგრამა იყო ბავშვთა ლეიკემიის პროგრამა. სამკურნალო პრეპარატები მოგვცეს, რითაც ბავშვთა ლეიკემიით სიკვდილიანობა 80%-დან 20%-მდე შევამცირეთ. მხარდაჭერა განსაკუთრებით გააქტიურდა, როცა ჩვენ ასოცირებას ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ხანგრძლივვადიანი სტრატეგიული მხარდაჭერები იყო ჯანდაცვის სისტემის გამტკიცებისთვის. მათ შორის ორია მთავარი, ერთი - ტექნიკური მხარდაჭერის ინსტრუმენტები და მეორე "დატყუპების" (ტვინინგ პროექტებს რომ ვეძახით) ოთხ ტვინინგში გავიმარჯვეთ. უზარმაზარი იყო ევროკავშირის დახმარება "კოვიდ" პანდემიის პერიოდში.

ევროკავშირის დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში 250 მილიონის ფარგლებშია.

დემოკრატიული საზოგადოების სოლიდარობა ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. საქართველო იმ პერიოდში ევროკავშირის ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორად განიხილებოდა. მჯერა ეს ურთიერთობები ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან განვითარდება და ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენს სწრაფ განვითარებას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

bm.ge