ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს სამუშაო ძალას თუ დაეხმარება მას? - აღნიშნულ კითხვაზე Bitcamp-ის დამფუძნებელი ოთარ ზაკალაშვილი აღნიშნავს, რომ რეალურად, დღევანდელ სიტუაციაში ხდება ძალიან ბევრი საქმის ტრანსფორმაცია და ადამიანები უბრალოდ სწავლობენ AI იარაღების როგორც ასისტენტების გამოყენებას.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ოთარ ზაკალაშვილი აცხადებს, AI კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, მოლოდინები ხელოვნურად გაბერონ, რაც ბაზარზე გაურკვევლობას აჩენს, მით უმეტეს, რომ მაგალითად, თუ ადრე ვებგვერდების, ვებსისტემების გაკეთება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც საქმდებოდნენ პროფესიონალები, დღეს უკვე გარკვეული სირთულის ვებგვერდებისა და ვებსისტემების ძალიან გამარტივდა და ძალიან გაიაფდა.

„ამან გააჩინა განცდა და შიში, რომ შესაძლოა, ამ ადამიანებმა სამსახურები დაკარგონ, მაგრამ მეორე მხრივ გაჩნდა საერთოდ ახალი ბაზარი, მაგალითად, AI ავტომატიზაციის ინჟინრის მიმართულება, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ბიზნესისთვის რაღაც პროცესის გაავტომატურება. თუ ადრე ძალიან ბევრ კომპანიას სურდა ვებგვერდების შექმნა და ამაში იხდიდნენ ფულს, ახლა ამაში უფრო მეტ ფულს იხდიან. გაჩნდა კიდეც ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი კომპანიაც და ინდივიდიც, რომლებიც პირველები, პიონერები არიან და ამ მიმართულებით იკვლევენ გზას“, - აცხადებს ოთარ ზაკალაშვილი.

მისივე თქმით, ხდება პროფესიების ძალიან მრავალფეროვანი გაშლა, რადგან მხოლოდ პროგრამისტებს კი აღარ შეუძლიათ უკვე ავტომატიზაციების შექმნაში მონაწილეობის მიღება, არამედ ნებისმიერ პროფესიონალს, რომელსაც უბრალოდ, დრო და სურვილი აქვს, ჩაუჯდეს და გაეცნოს იმ იარაღებს, რომლითაც ეს ავტომატიზაციები ხდება.

„ძალიან ბევრ ადამიანს კოდის წერის გარეშეც შეუძლია ძალიან დიდი შედეგების მიღწევა. ეს ქმნის ფაქტობრივად ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკაში, რაც აქამდე სრულიად უცნობი იყო - ეს არის დაბნეულობის, მაგრამ ძალიან დიდი შესაძლებლობების წყაროც. ჯერ სახელებიც კი არ აქვს დარქმეული ახალ საქმიანობებს, რომლებიც ჩნდება ამ კრეატიული მორგებების შედეგად. საქართველოშიც უკვე აქტიურად მუშაობენ და ჩემი სასწავლო პროგრამებიც მთლიანად ამ მიმართულებით გადავაწვყე.

ხელოვნური ინტელექტი ახერხებს ძალიან ბევრი პროფესიის ტრანსფორმაციას, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, სადაც, მაგალითად, რუტინული შავი საქმე ბევრია. ასეთ საქმიანობებში ხშირად ხდება, რომ ვიღებთ ისეთ შედეგებს, სადაც 30-40, ზოგან 80%-ით იზრდება პროდუქტიულობა. თუმცა, სხვათა შორის, იანვარში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, კომპანიების 96% ამბობს, რომ რეალური წინსვლა, რეალური პროდუქტიულობის ზრდა ჯერჯერობით ისეთი არ არის, როგორსაც ელოდნენ“, - ამბობს ოთარ ზაკალაშვილი.