იურისტების ნაწილის შეფასებით, უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით შრომითი მიგრაციის კანონში შესულ ცვლილებებში ბევრი ბუნდოვანებაა.

როგორც იურიდიული ფირმა GLCC-ის იურისტმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მათ შორის ბუნდოვანია, როგორ უნდა დაამტკიცოს დამსაქმებელმა, რომ მან მართლაც ვერ მოიძია ადგილობრივ ბაზარზე საჭირო კადრი და ამიტომ უწევს უცხოელი მუშახელის დასაქმება.

საქმე ისაა, რომ 1 მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები მკაცრდება. ერთ-ერთი მთავარი სიახლე „შრომითი საქმიანობის უფლებაა“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება.

ამასთან, კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „თუკი უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის საჭიროებებს, ჯანდაცვის სამინისტროს უფლება ეძლევა, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე „შრომითი საქმიანობის უფლება“ არ გასცეს“.

როგორც ენრი აბულაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მტკიცების მთლიანი ტვირთი დამსაქმებელზე არ იყოს.

„კანონმდებლის ინტერესი სამოტივაციო ბარათში საკმაოდ ჩანდა, როდესაც კანონის განხილვა მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მექანიზმი, რაც საკმაოდ დიდი ცვლილებაა, არის სწორედ ის, რომ [სექტორები], სადაც უკვე კონცენტრირებულია და არსებობს ქართული მუშახელი, არ უნდა მოხდეს ამ დარგის ასე უცხოური მუშახელით დატვირთვა. უცხოური პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად ამისთვის დანერგილია სხვადასხვა მექანიზმები, არის სხვადასხვა კვლევა, რისი გამოყენებითაც შეუძლიათ დამსაქმებლებს, რომელთა ვალდებულებაც არის ხოლმე ეს დაამტკიცონ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ მოხდა ადგილობრივი მუშახელის მოძიება და ისინი უცხოელი დასაქმებულებით ჩაანაცვლონ.

დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, არ ჩანს არცერთ საკანონმდებლო-ნორმატიულ აქტში, რომ რაიმე მექანიზმი არის, თუ როგორ უნდა დაამტკიცოს დამსაქმებელმა, რომ რეალურად მას განცხადება არ შეუვიდა ადგილობრივი მუშახელისგან და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტულ სფეროში იყოს [ადგილობრივი დასაქმებულები], კონკრეტულად მის ვაკანსიაზე გამოხმაურება არ ყოფილა. საკმაოდ ბუნდოვანებაა და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება რაღაც თანაზომიერების დაცვა, რომ არ მოხდეს იმ დამსაქმებლების დაჩაგვრა, რომელსაც რეალურად სჭირდებათ მუშახელი, ვერ მოიძებნება მათთვის ადგილობრივი მუშახელი და შეუძლებელი არ გახდეს ფაქტობრივად ფუნქციონირება იმიტომ, რომ აეკრძალოთ უცხოელთა დასაქმება“, - განაცხადა ენრი აბულაძემ.

bm.ge