„მოგეხსენებათ, რომ მედიას ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ფუნდამენტური სოციალური დანიშნულება გაქვთ, რასაც დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან. მაუწყებლები მაყურებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენთ.“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ გადაცემა „Imedi Live”-ში გააკეთა, სადაც მედიას კანონისა და მაყურებლების წინაშე არსებული ვალდებულებები შეახსენა.

გოგა გულორდავას განცხადებით, კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, პასუხისმგებელია უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედიაგარემო ქვეყანაში.  მისივე თქმით, მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მაყურებლებისთვის, მთელი საზოგადოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

„2025 წლის აპრილიდან განხორციელდა ცვლილებები კანონში და რეგულირების ქვეშ მოექცა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, ასევე ადამიანის ღირსებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემა. თუმცა ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ მაუწყებლობის ქცევის კოდექსით, რომელიც 2009 წელს არის მიღებული, მანამდეც არეგულირებდა და რამე განსაკუთრებულ სიახლესთან ადგილი ამ შემთხვევაში არ გვქონია. და პასუხისმგებლიანი მედია, რომელიც იცავს ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებს, ამ სტანდარტებით ისედაც უნდა ეხელმძღვაელა. თუმცა სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ვერ სრულდებოდა და შესაბამისად, საკანონმდებლო გადაწყვეტილებით ეს შინაარსობრივი რეგულაცია გადავიდა უკვე კანონის მოქმედების სფეროში“ - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე ინფორმაციით, კანონში ცვლილებების შემდეგ კომუნიკაციების კომისიამ შეიმუშავა გზამკვლევი, რომელიც მაუწყებლებს შინაარსობრივი რეგულირების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აძლევს, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა კანონის აღსრულების დაწყებამდე შეეცვალათ სარედაქციო პრაქტიკა. ასევე, აღნიშნა, რომ  კომისიაში შესული პირველი საჩივრების განხილვის შემდეგ, დარღვევები დადასტურდა, მაგრამ მაუწყებლები გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს