საქართველოში ნოზოკომიური (საავადმყოფოს შიდა ინფექციების) სტატისტიკის არარსებობისა და მათი მიზანმიმართული დაფარვის მიზეზებზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, არჩილ მორჩილაძე “საქმის კურსთან” საუბრობს. მისი განმარტებით, დღეს არსებული პოლიტიკა პრობლემის მოგვარებას ხელს კი არ უწყობს, არამედ მის დამალვას იწვევს.

მორჩილაძის განცხადებით, კლინიკები შიდა ინფექციების შემთხვევებს სახელმწიფოს მხრიდან სანქციებისა და დაფინანსების შეწყვეტის შიშით მალავენ.

„როდესაც დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კლინიკის დასჯა და დაფინანსების შეწყვეტა ხდება, ეს ბუნებრივია იწვევს პრობლემის დაფარვას. იგივე სიტუაცია გვაქვს სამედიცინო შეცდომის მოკვლევისას. ხდება მისი კრიმინალიზაცია. პრობლემა არ უნდა დაიმალოს, რადგან დამალულ პირობებში მისი გადაჭრის გზები ვერ დაიგეგმება“,- აცხადებს მორჩილაძე.

მისი თქმით, ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში ინფექციების წილი სამჯერ მაღალია, რაც პაციენტებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას, ჰოსპიტალიზაციის ვადის გახანგრძლივებასა და რეჰოსპიტალიზაციის რისკს ზრდის.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ გამოსავალი მიდგომის შეცვლაშია, სახელმწიფომ აქცენტი არა კლინიკების დასჯაზე, არამედ ინფექციების დროულ გამოვლენასა და მათ აღმოსაფხვრელად აქცენტი ერთობლივი, მრავალმხრივი ღონისძიებების გატარებაზე უნდა გააკეთოს.

“არ უნდა ხდებოდეს ამ პრობლემის დამალვა. ანუ მიდგომა უნდა იყოს გადაჭრისკენ ორიენტირებული. როდესაც ასეთი აღმოჩენის შემთხვევაში ხდება კლინიკის დასჯა, დაფინანსების შეწყვეტა - ეს ბუნებრივია იწვევს შემდეგ ამ პრობლემის დაფარვას. იგივე სიტუაცია გვაქვს, როდესაც სამედიცინო შეცდომის მოკვლევა ხდება და ხდება მისი კრიმინალიზაცია. ანუ ეს ორი საკითხი წამოიწია ბოლოს - არ შეიძლება პრობლემა დაიმალოს, ვინაიდან მისი გადაჭრის გზები ვერ დაიგეგმება. ვიცით, რომ ჯანდაცვის ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ შიდა ინფექციებს და თუ ევროპაზე სამჯერ მეტი გვაქვს მაჩვენებელი, ეს პროპორციულად ზრდის დანახარჯებს. ეს ტვირთად აწვება როგორც საყოველთაო ჯანდაცვას, ისე სადაზღვევო კომპანიებს და რაც მთავარია, ეს არის პაციენტის უსაფრთხოება. ასეთი ინფექციების შედეგად იზრდება საავადმყოფოში დაყოვნება, იზრდება რეზისტენტობა, რეჰოსპიტალიზაცია. ამიტომ საჭიროა მრავალმხრივი მიდგომა.

თავად პრობლემების სიმრავლე ამ დარგში შესაძლოა არ იძლევა საშუალებას ყველა მიმართულებას მიექცეს ყურადღება. თუმცა ჩვენ, როგორც დარგობრივი ასოციაციები, ვცდილობთ წამოვწიოთ კრიტიკული მომენტები. ადრე თუ გვიან ხდება ხოლმე რეაგირება, მაგრამ მუდმივ პრობლემად რჩება დამალვა - როგორც სამედიცინო შეცდომის, ისე შიდა ინფექციების. კერძო კლინიკები თითოეულ თეთრს უფრთხილდებიან და ეშინიათ სანქციების. აქ არის სწორედ გადასაწყვეტი - გამოვლენა უნდა ხდებოდეს და არა დასჯა.”-ამბობს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე.

bm.ge