სამწუხაროდ, ჯერჯერობით დაივინგის მიმართ დაინტერესება მაღალი არ არის, - ამის შესახებ დაივინგ ტურის მყვინთავმა თემურ დიმიტრაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იმისთვის, რომ დაივინგის მიმართ დაინტერესება გაიზარდოს, სერვისის პოპულარიზაციაა საჭირო. თემურ დიმიტრაძის ცნობით, დაივინგ ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 250 ლარამდე მერყეობს.

"ამ ეტაპზე პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ციხისძირში ვართ, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე მომხმარებლები გონიოსა და სარფშიც მიგვყავს. ჩაყვინთვამდე მომხმარებლებს ინსტრუქციას ვაძლევთ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ტური.

წყალქვეშ დაახლოებით, 35-40 წუთი გრძელდება მოგზაურობა. მომხმარებლები წყალქვეშა სამყაროს ეცნობიან, ათვალიერებენ თევზებს, წყლის მცენარეებს, წყალქვეშა გამოქვაბულებს და სხვ. ვინც კი გამოსცადა დაივინგ ტური ყველა აღფრთოვანებული იყო, რადგან ნამდვილად ძალიან ლამაზია წყალქვეშა სამყარო. მთავარია კარგი ამინდი და სუფთა წყალი. ტურის ღირებულება ვფიქრობთ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია", - აცხადებს თემურ დიმიტრაძე.

ცნობისთვის, დაივინგ ტურმა ციხისძირში ფუნქციონირება წელს დაიწყო.

bp.ge