2025 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8 პროცენტით გაიზარდა და 70 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2025 წლის მე-4 კვარტალში მისი მოცულობა 27.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.5 პროცენტით მეტია.

2025 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 839.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.7 პროცენტი — კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 39.2 პროცენტი — მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 782.8 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტით მეტი). 2025 წლის მე-4 კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 608.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 241.3 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 998 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 150.7 ლარით).

„საქსტატის“ ინფორმაციით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი 2025 წლის მე-4 კვარტალში, შემდეგნაირი იყო:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 743.7 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 3 084.9 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 2 152.2 ლარი.