2023 წელს გახსნილ წამლის ეროვნული ლაბორატორიის მოწყობაზე 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. შენობა გაარემონტეს, ავეჯით მოაწვეს, ადამიანები დაასაქმეს, ბიუჯეტიდან ხელფასებსაც ვუხდით, თუმცა ლაბორატორია სრულყოფილად არ მუშაობს. გამოდის, რომ ამ ხარჯს ხალხისთვის სარგებელი არ მოუტანია. სამაგიეროდ, იხეირეს მათ, ვინც ლაბორატორიას სამედიცინო ტექნიკა მიჰყიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას „აი ფაქტი“ აქვეყნებს.
„აი ფაქტის“ ინფორმაციით, ლაბორატორიის უშუალო მფლობელია ჯანდაცვის სამინისტრო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
„ისინი ცოცხალი თავით არ გვიმხელენ, კონკრეტულად ვისგან, როგორი და რა ფასიანი ტექნიკა იყიდეს წამლის ლაბორატორიის აღსაჭურვად. "აი, ფაქტის" მიერ გაგზავნილ კითხვებს არ იმჩნევენ, მათი პრესსამსახური ზარებსა და შეტყობინებებზე არ გვპასუხობს. ჩვენთან საუბარი არ სურს არც ლაბორატორიის დირექტორ ნინო ვახანიას.
მათგან პასუხის მიღების იმედი ისედაც რომ არ გვქონდა, ჩვენით გავარკვიეთ, რა სამედიცინო აპარატურა დგას ამ ლაბორატორიის ოთახებში, სინამდვილეში, რა ღირს ისინი და ვინ იყო მათი მიმწოდებელი.
ზუსტად ვიცით ლაბორატორიის მოწყობაზე დახარჯული 11 მილიონიდან 1.6 მილიონი ლარის კვალი - ის შენობის რემონტს მოხმარდა. გამოდის, რომ დარჩენილი 9 მილიონი ლარით სამედიცინო აპარატურა იყიდეს. თუმცა, ღირს კი ეს დანადგარები 9 მილიონი? ან, საერთოდ, სჭირდებოდათ კი ისინი?
მთავრობის და პროპაგანდისტული "იმედის" მიერ გავრცელებულ საიმიჯო ვიდეორგოლებში, სიუჟეტებსა და გასაჯაროვებულ მწირ დოკუმენტებში ამოვიცანით ლაბორატორიაში მოთავსებული სამედიცინო ტექნიკა - მათი ზუსტი მოდელები და მწარმოებელი ბრენდები.
შედეგად, “აი, ფაქტმა” დაადგინა, რომ თბილისში, დელისის მეტროს მიმდებარედ, ასათიანის #9-ში მდებარე წამლის ხარისხის ეროვნულ ლაბორატორიაში დგას:
- მას-სპექტრომეტრი, რომლიც ფუნქციაც მოლეკულების და ატომების მაღალი სიზუსტით შესწავლაა;
- სითხური და გაზური ქრომატოგრაფები - გამოიყენება წამლის ნარევების შესასწავლად;
- ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და ვიზუალური სპექტრომეტრი/სპექტროფოტომეტრი - საჭიროა ნივთიერების ქიმიური შემადგენლობის და მოლეკულური სტრუქტურის დასადგენად;
- პლაზმური ოპტიკური ემისიის სპექტრომეტრი - იკვლევს მძიმე მეტალებით დაბინძურებას;
- გამოთავისუფლების აპარატები - ორგანიზმში წამლის ბიოშეღწევადობის, დაშლის ხანგრძლივობის და სიჩქარის გასატესტად;
- PH ხელსაწყოები (PH-მეტრები) - მჟავიანობის და ტუტიანობის დონის განსასაზღვრად;
- PCR/პჯრ დანადგარები - ძირითადად, გამოიყენება მიკრობიოლოგიურ და გენეტიკურ კვლევებში;
- სექვენირების აპარატი Ion Genestudio S5 და მისი სისტემა - ძირითადად, გენეტიკური კვლევებისთვის;
- ასევე, მაცივარი, თერმოსტატი, საშრობი ღუმელი, გათბობ-შემმღვრევი, ტაბლეტის ფხეკადობის (ნატეხადობის) ტესტერები და მაღალი სიზუსტის ანალიზური სასწორი.
“მე თვითონ მაქვს რამდენიმე ლაბორატორია აწყობილი საწარმოებში და ვიცი ფასები… ამიტომ, როგორც კი გავიგე, ყურში ცუდად მომხვდა ეს რიცხვი - 11 მილიონი ლარი, სადღაც 4 მილიონი დოლარია ხო? საკმაოდ ბევრია ასეთი ლაბორატორიისთვის. 4 მილიონ დოლარად ფარმაცევტულ საწარმოს ააშენებს კაცი და თანამედროვე ტექნოლოგიებით ააწყობს. მაშინვე თვალსაჩინო იყო, რომ აქ რაღაცაშია საქმე, რაღაცაში რა… კორუფციაში, რა თქმა უნდა…”, - გვიხსნის გიორგი ანთაძე. მისი თქმით, 11 მილიონი ლარი არ დაეხარჯებოდა, “სუფთა ზონაც” რომ გაეკეთებინა, ანუ ყველაფერი, ვენტილაციის ჩათვლით", - გვითხრა გიორგი ანთაძემ.
გიორგი ანთაძეს ფარმაცევტული საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. მან შექმნა და აღჭურვა მსხვილი ფარმაცევტული საწარმოები - მათ შორის, ყველაზე მასშტაბური “ჯი-ემ-პიც”, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, წამლის ეროვნული ლაბორატორიის მოწყობასა და აღჭურვაზე დახარჯული თანხა “გაბერილია”.

მას-სპექტრომეტრი, ფოტო: thermofisher.com
ღირებულება რომ გვერდზე გადავდოთ, ისიც საკითხავია, რამდენად გვჭირდებოდა ზუსტად ეს აპარატურა? სპეციალისტები გვიხსნიან, რომ წამლის ხარისხის ლაბორატორიაში უდგათ ისეთი სამედიცინო ტექნიკა, რომელსაც არანაირი კავშირი აქვს წამლის ხარისხის შემოწმებასთან.
“თქვენ რომ გადაშალოთ, ვერც ამერიკულ და ვერც ევროპულ ფარმაკოპეებში [წამლის ხარისხის შემოწმების მეთოდებში] ვერ ნახავთ მას-სპექტრომეტრიას. სერიული ანალიზი ამ მეთოდით არ კეთდება. ეს მას-სპექტრომეტრი, ძირითადად, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვისაა, ღრმა დონეზე იკვლევს, რა ნივთიერებები შედის პროდუქტში ”, - გვიხსნის გიორგი ანთაძე.
ვეკითხებით, ანუ, ეს აპარატი მზა მედიკამენტების სერიული შემოწმებისთვის არ გამოდგება? გვპასუხობს, რომ არაო და გვიყვება, მის სანაცვლოდ რომელი დანადგარის შეძენა იქნებოდა უფრო ლოგიკური და მიზნობრივი.
“წამლების ანალიზისთვის, ძირითადად, გამოიყენება მაღალეფექტური სითხოვანი ქრომატოგრაფები (HPLC). მისი ღირებულება 30-50 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. წესით, ამ ტიპის ლაბორატორიებისთვის, ეს ყველაზე დატვირთული აპარატურა უნდა იყოს. მართლაც ბევრი სჭირდებათ, თუ აპირებენ, რომ მასიურად შეამოწმონ წამლების ხარისხი. ჩვენ [პე-ეს-პე-ში] 80-მდე მედიკამენტს ვამოწმებდით, ასეთი 12-15 აპარატურა გვქონდა და ისიც კი არ გვყოფნიდა”, - ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი ანთაძე.
ლაბორატორიას ორი სითხური ქრომატოგრაფი აქვს. ხოლო მას-სპექტრომეტრი, რომელიც, თურმე, წამლის ხარისხის ლაბორატორიას დიდად არაფერში სჭირდება და მაინც შეგვიძენია, სულ მცირე, 710 000 ლარად ფასობს“, - წერია „აი ფაქტის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
ვრცლად: ifact.ge