უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის ევროპის მიერ უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფას დაბლოკავს იქამდე, ვიდრე კიევი მილსადენ „დრუჟბას“ არ აღადგენს, რომელიც უნგრეთს რუსული ნავთობით ამარაგებს.
ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების შესაძლო გამოყოფასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
„არასდროს დავუჭერთ მხარს ბრიუსელის მიერ უკრაინისთვის რაიმე ფინანსური დახმარების გაწევას, სანამ უკრაინელები ნავთობს არ გამოუშვებენ“.
ამასთან, მან იმის გარანტიაც არ გასცა, რომ ვეტო მოიხსნება, თუ მილსადენი განახლდება.
„არავის, გერმანელებსაც კი არ შეუძლიათ ჩვენგან დადებითი პასუხის მოთხოვნა. ისე ვუპასუხებთ, როგორც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი მტკიცებით, მილსადენ „დრუჟბას“ ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„უკრაინელებმა გადაწყვიტეს, უნგრეთს შეუწყვიტონ რუსული ნავთობი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის“, - განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, არ აპირებს დაემორჩილოს ევროპის გადაწყვეტილებას რუსულ ენერგომომარაგებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ.
„ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ არ დავემორჩილებით უკრაინის მოთხოვნას, იაფ რუსულ ენერგიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.