არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ახლა მოცირკულირე ვირუსებმა განაპირობონ ეპიდაფეთქებები, სკოლასა და ბაღებში ბავშვების მასიური არწასვლა, - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მოცირკულირე ვირუსები ძირითადად მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, რომლის მართვაც პირველადი ჯანდაცვის რგოლში უნდა მოხდეს.

კერძოდ, როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, კორონავირუსი, ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, ყველა მიეკუთვნება მსუბუქი მიმდინარეობის დაავადებების გამომწვევ ვირუსებს, ისინი არ იწვევენ მძიმე შემთხვევებს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდას. მათი ზოგადი შეფასება არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე რესპირაციული დაავადება.

„ეს არ არის ის ვირუსები, რომლებმაც შესაძლოა განაპირობონ იმდენად მძიმე მდგომარეობა რომ სტაციონარიზაცია გახდეს აუცილებელი. გრიპის ვირუსში გართულების ალბათობა მაღალია, პირველ რიგში, ეს არის ფილტვის ანთება, საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა მაღალია, ამიტომ არის მასზე განსაკუთრებული მეთვალყურეობა. ახლა მოცირკულირე ვირუსები ამ მხრივ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებების განმაპირობებლები არიან.

არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ახლა მოცირკულირე ვირუსებმა განაპირობონ ეპიდაფეთქებები, სკოლასა და ბაღებში ბავშვების მასიური არწასვლა.

ახლა მოცირკულირე ვირუსები განაპირობებენ ძირითადად ზემო სასუნთქი გზების მწვავე ვირუსულ ინფექციას, რომელიც მიმდინარეობს გაციების ტიპით“,- აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ipn.ge