2025 წლის მდგომარეობით, აკრედიტაცია ქვეყნის სტაციონარული დაწესებულების 86%-მა გაიარა, რაც მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე საუბრისას განაცხადა, სადაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილებოდა.

მისივე თქმით, შშმ პირებისთვის შარშან სპეციალური პაკეტი მოქმედებდა, რომელიც მოიცავდა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, გეგმურ ოპერაციებს, ონკოლოგიურ მკურნალობას, ინფექციური დაავადებების მართვას, რეაბილიტაციას, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სტომატოლოგიურ მომსახურებას.

„2025 წელს პირველადი ჯანდაცვის განახლებული მოდელი ამოქმედდა, რომელიც მოიცავს პრევენციულ, დიაგნოსტიკურ და სამკურნალო სერვისებს. დამატებით 120 მილიონი ლარია ამისთვის გათვალისწინებული შემდეგი 4 წლის განმავლობაში. აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი. 2025 წლის მდგომარეობით, აკრედიტაცია გაიარა ქვეყნის სტაციონარული დაწესებულების 86%-მა, რაც მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. მუნიციპალიტეტებში განხორციელდა მრავალფეროვანი სოციალური და სამედიცინო პროგრამები, რომლებიც ეხება სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ბინის ქირას, მიზნობრივ ფულად დახმარებას, უფასო სასადილოთი სარგებლობას, ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსებას, უფასო ტრანსპორტირებას, რეაბილიტაცია/აბილიტაციას, პერსონალურ ასისტენტს, შინ მოვლის სერვისებს და დამხმარე საშუალებებს. მხოლოდ თბილისის მერიის სერვისებით 9 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა. ასევე, საანგარიშო პერიოდში თავდაცვის სამინისტროს 20 დაჭრილ/დაშავებული მოსამსახურის 30 საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურება განხორციელდა“, - განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.

jandacva.ge