„ხელფასების დონის გამო, ბევრ მიმართულებაზე კადრების დეფიციტია, ზოგიერთ სექტორში კი კვალიფიციური კადრები საერთოდ აღარ გვყავს“, - ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაბალი ხელფასების გამო ბევრი კვალიფიციური კადრი სხვა ქვეყანაში მიდის სამუშაოდ.

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 000 დოლარსაც არ აღწევს, აღარაფერს ვამბობ მედიანურ ხელფასზე, რომელიც 500 – 600 დოლარის ფარგლებშია. ეს თავის მხრივ იწვევს დიდ პრობლემებს. ერთის მხრივ, ქვეყნის სამუშაო ძალის დიდი ნაწილი წასულია ემიგრაციაში, აქ ვგულისხმობ მოსახლეობას, რომელიც მუდმივ ემიგრაციაში წავიდა და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც სეზონური დასაქმებით მიდიან უცხოეთში.

ამ პროცესში კიდევ ერთი  პრობლემა შეიქმნა, კერძოდ, კადრების დეფიციტი, მაგალითად, სარემონტო სამუშაოებში. სპეციალისტების დიდი ნაწილი წასულია ქვეყნიდან. დღესდღეობით ადამიანს, რომ დასჭირდეს სამშენებლო სამუშაოების ჩატარება კვალიფიციური ხელოსნების პოვნა ძალიან დიდი პრობლემაა“, - აცხადებს ირაკლი მურცხვალაძე.