ადამიანის ქმედება დედამიწის შიგთავსსაც კი ცვლის - არალის ზღვის დაშრობა დედამიწის მანტიის აწევას იწვევს.
ტბის ამოშრობის შემდეგ, დედამიწის სიღრმეებში არსებული ქანები ზედაპირზე ამოდის.
ზღვამ, რომელიც ადრე მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ტბა იყო, თავისი ზედაპირის 90% მას შემდეგ დაკარგა, რაც საბჭოთა კავშირმა მის მკვებავ მდინარეებს მიმართულება შეუცვალა.
არალის ზღვა, სავარაუდოდ, ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანს ბუნებაზე. ცენტრალურ აზიაში არსებული წყლის ეს უზარმაზარი მასა მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ტბა იყო, სანამ XX საუკუნის 60-იან წლებში სოფლის მეურნეობისთვის მისი მასიური გამოყენება დაიწყებოდა.
საბჭოთა ხელისუფლებამ ტბის მკვებავ მდინარეებს, ბამბის ახალი პლანტაციების გაშენების მიზნით, მიმართულება შეუცვალა, რამაც ის თითქმის მთლიანად დააშრო: 1960-დან 2018 წლამდე ტბის ზედაპირი დაახლოებით 90%-ით შემცირდა.
ამან დრამატული გავლენა არა მხოლოდ ეკოსისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობაზე იქონია, რომელიც დიდწილად იყო დამოკიდებული არალის წყალზე, არამედ დედამიწის ქერქის ქვეშ მოძრაობებიც გამოიწვია. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, პეკინის უნივერსიტეტის მკვლევარის, ტენგ ვანგის ხელმძღვანელობით, ეს დასკვნა რადარული გადაღებების საშუალებით გააკეთა.
„ბლანტი სითხე“, რომელიც წელიწადში შვიდი მილიმეტრით გადაადგილდება
კვლევა, რომელიც ორშაბათს, 7 აპრილს, ჟურნალ „Nature Geoscience“-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ქანები, რომელიც დედამიწის მანტიაში არალის ტბის ქვეშ მდებარეობენ, წელიწადში შვიდი მილიმეტრის სიჩქარით იწევენ მაღლა, რაც ტექტონიკური ფილების მოძრაობის სიჩქარის ეკვივალენტურია.
ამ ქანებმა, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან 150 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობენ, ტბაზე ადრე არსებობდნენ და ტბის შექმნის შემდეგ, ადგილმდებარეობა შეიცვალეს. თუმცა, მას შემდეგ რაც ზღვა თითქმის მთლიანად დაშრა და მის ადგილას მარილიანი უდაბნო შეიქმნა, ქანები თავის წინანდელ ადგილმდებარეობას „ძალიან ბლანტი სითხის“ სახით უბრუნდებიან.
ეს გამოწვეულია ადრე არსებული წყლის უზარმაზარი წონით, რომლის გაქრობაც დედამიწის ზედაპირის ქვეშ არსებულ სხვადასხვა ფენებში მოძრაობებს იწვევს. ექსპერტების გათვლებით, ეს პროცესი კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდება.
ხელსაყრელი შემთხვევა დედამიწის „შიდა ინტერიერის“ გამოსაკვლევად
2016-2020 წლებში არალის ზღვის აუზში თანამგზავრული რადარით მიწის დეფორმაციის გაზომვების საფუძველზე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ფენომენი ზღვის ყოფილი ცენტრიდან 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ვრცელდება.
„მიუხედავად იმისა, რომ არალის ზღვის დაშრობა ეკოლოგიური კატასტროფა იყო, მას დადებითი გვერდითი ეფექტიც გააჩნია: ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ინსტრუმენტი პლანეტის სიღრმის, ასევე ტექტონიკური ფილების შიდა და ქვედა ქანების შესასწავლად“, - წერს „Nature“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანმხლებ პუბლიკაციაში ველინგტონის (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის პროფესორი, საიმონ ლემბი.
ტბის დაშრობის შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა ადგილობრივი უზბეკი და ყაზახი მოსახლეობისთვის, რადგან მათ საკვებისა და სიმდიდრის წყარო დაკარგეს, ახლა კი ტბიდან გამოყოფილი ტოქსიკური მტვრის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, ამ ეკოსისტემის სიკვდილის გამო, ის, რაც ადრე ნახშირორჟანგის შთანმთქმელი იყო, ახლა სათბურ აირს გამოყოფს, რაც კლიმატის ცვლილების დაჩქარებას იწვევს.
წყარო: 1tv.ge