“ქართული ოცნების” დეპუტატებს: ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილის, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო სიის წევრებიც იყვნენ, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდებათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. საკითხს დეპუტატები უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საკითხის წარდგენისას აღნიშნა, პარლამენტის არჩეული წევრები დეპუტატისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დაინიშნნენ და შესაბამისად უფლებამოსილება შეუწყდებათ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრია, დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებს, ხოლო მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.