ქართულმა ოცნებამ პარტიის ახალი ოფისი შპს „ნიუ ოფისისგან“ განვადებით 19 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.
კომპანიის მფლობელმა, დავით ანდღულაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ მას 7 წლის განმავლობაში ყოველ თვე 250 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. 19 მილიონში შედის საპროცენტო სარგებელიც, რომელიც 8%-ს შეადგენს.
ქართულმა ოცნებამ ახალი ოფისი გახსნამდე ერთი დღით ადრე, 15 ივნისს გადაიფორმა.
შენობის საერთო ფართი 8460.9 კვ.მ-ია, დამატებითი ფართი - 4953 კვ.მ-ია. შენობა 2021 წელს რეგისტრირებული შპს „ნიუ ოფისმა“ ააშენა, რომლის წილის 100% დავით ანდღულაძე ფლობს. შენობა 8 სართულიანია. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ვლადიმერ წითლანაძის ქუჩა, სამხრეთ-დასავლეთიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩა, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობა.