საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
წელს ბუნდესლიგის ხუთი ჯილდოდან სამი „შტურმს“ შეხვდა. ოთარ კიტეიშვილმა დაიცვა სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, კიელ შერპენი სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ხოლო მალიკ იალკუე – წლის ახალწვეულად. საუკეთესოები პრეზიდენტების, მენეჯერებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.
ქართველმა ნახევარმცველმა თორმეტი გოლი გაიტანა და კიდევ სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს „შტურმის“ გუნდური თამაშის შედეგია. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, ბოლო ორ ტურში კარგად გამოვიდეთ და ჩემპიონის ტიტული შევინარჩუნოთ“, – თქვა 29 წლის ქართველმა ლეგიონერმა.