მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისთვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა.

„გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა. შარშან პირველად ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ჩვენს რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა. მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჩინეთმა რატომ არ დაუჭირა მხარი გაერო-ს რეზოლუციას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს რეზოლუცია სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ ეხებოდა. 

„ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, ჩინეთი აღიარებს საქართველოს. თქვენ შეიძლება, არ გსიამოვნებდეთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მესმის რომ გწყინთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის" ჟურნალისტს.