პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 18 თებერვალს, ინტერპელაციის წესით პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძესა და რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანს მოუსმენენ.

პარლამენტის ფრაქციამ „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძეს, ინტერპელაციის წესით 7 შეკითხვა გაუგზავნა:

-უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში?

-როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით?

-როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის, საქმიანობის მიხედვით?

-გაქვთ თუ არა შეფასებული უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში არალეგალურად?

-რა ზომებს ატარებთ არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად?

-რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს?

-რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია“?

რაც შეეხება კახაბერ გულედანს, ის პარლამენტში „პარტიამ საქართველოსთვის“ დაიბარა, შემდეგ კითხვებზე საპასუხოდ:

- 2025 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, რეგიონული განვითარების მიმართულება გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ჩამოყალიბდა ცალკე უწყებად. გთხოვთ, არგუმენტირებულად განგვიმარტოთ:
ა) ახალი დამოუკიდებელი სამინისტროს არსებობა, რამდენად ეფექტიანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობის, დეცენტრალიზაცია/დეკონცენტრაციის მიმართულებით და გვაქვს თუ არა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები, რომელიც ვერ დადგებოდა ძველი, მოდელის პირობებში?
ბ) სამინისტროს გაყოფამ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროებად გამოიწვია, თუ არა ბიუროკრატიული ხარჯების (ახალი შენობები, ავტოპარკი, ადმინისტრაციული შტატები) ზრდა, დადებით შემთხვევაში გაზრდილი ხარჯები რამდენად საპირწონეა იმ პროგრესის, რომელიც მიღწეულ იქნა გამოყოფილი სამინისტროს პირობებში მასზედ დაკისრებული ამოცანების გადასაწყვეტად?

- 2026 წელს რის გაკეთებას აპირებთ მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, დეკონცენტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით?

- რას ფიქრობთ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთან“ დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასებით არაეფექტიანია და შესაძლოა დაკავშირებული იყოს კორუფციულ გარიგებებთან? გაქვთ, თუ არა კონკრეტული გეგმა ამ „პროგრამის“ ეფექტიან და საზოგადოების ინტერესებზე მორგებულ პროგრამად გარდაქმნა-ჩამოყალიბებაზე?

- თქვენს უწყებას აქვს თუ არა შესწავლილი, თუნდაც ბოლო 2–3 წლის განმავლობაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული და განხორციელებული რამდენი პროექტი საჭიროებს თავიდან განხორციელებას ან/და სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას და რა მიზეზით?

- თქვენს უწყებას აქვს თუ არა შესწავლილი და გაანალიზებული, თუნდაც ბოლო წლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ათეული მილიონი ლარის აუთვისებლობის მიზეზები?

- მაღალმთიანი და კონფლიქტისპირა დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:
ა) გაქვთ თუ არა შესწავლილი და გაანალიზებული მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები (მიგრაციული, დემოგრაფიული, სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული და სხვა)?
ბ) განიხილავთ თუ არა ახალი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, ან არსებული პროგრამების შეცვლას უფრო მოქნილ და ეფექტურ მოდელებად?
გ) ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელი პროგრამებია უკვე შემუშავებული ან რომელზე მუშაობთ და იგეგმება თუ არა მათი ცვლილება 2026 წელს?

- სამინისტროს სტრუქტურაში გათვალისწინებული „მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს“ არსებობა:
ა) რამდენჯერ შეიკრიბა აღნიშნული საბჭო 2025 წელს?
ბ) რა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო, რომლებმაც უკვე მოახდინეს რეალური გავლენა მთაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე?

- თუ გაქვთ შესწავლილი თუნდაც ბოლო 3-5 წლის განმავლობაში (არაფერს ვამბობთ კიდევ უფრო ძველ პროექტებზე) მთის ფონდიდან დაფინანსებულ და განხორციელებულ რამდენ პროექტს სჭირდება თავიდან გაკეთება ან/და სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია და რატომ?

- თუ გაქვთ შესწავლილი და გაანალიზებული თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში მთის ფონდიდან გამოყოფილი ათეული მილიონი ლარის ათვისება რატომ ვერ მოხერხდა და რა მიზეზებით?

- ეთანხმებით თუ არა ჩვენ მოსაზრებას (რომელსაც ფინანსთა სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ ითვალისწინებენ), რომ მთის ფონდისთვის დაფინანსების გაზრდის აუცილებლობა უკვე რამდენიმე წელია წარმოადგენს მაღალმთიანი დასახლებებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხს და ასევე მიზანშეწონილია მოხდეს მისი ხარჯვის მიზნობრიობის გადახედვა სხვადასხვა მიმართულებით გაფართოების მიზნით?

- რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების რამდენი პროცენტია ათვისება (საკასო შესრულებით) 2025 წელს? ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში 2025 წელს, რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა, მათ შორის სრულად რამდენი პროექტი დასრულდა (საკასო და ფაქტიური შესრულების თანხვედრის პრინციპით), რამდენი გადავადდა, რამდენი ვერ შესრულდა ან უხარისხოდ შესრულდა ან უპასუხისმგებლოდ შესრულებული სამუშაოების გამო რამდენ პროექტზე შეწყდა ხელშეკრულება? მათ შორის მთის ფონდიდან.

- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ მოქმედი რეგიონული პოლიტიკა ვეღარ უმკლავდება რეგიონებსა და სოფლად არსებულ უკიდურესად მძიმე სოციალურ პრობლემებს და საჭიროებს ფუნდამენტურ გადახედვას? თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას, გთხოვთ განმარტოთ, რა ცვლილებებს გეგმავს თქვენი უწყება მიმდინარე წელს, რა ახალ მიდგომებს სთავაზობთ რეგიონებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და რა არის რეგიონული განვითარების სამინისტროს 2026 წლის ძირითადი პრიორიტეტები?

- სწორად მიგაჩნიათ თუ არა მოსაზრება, რომ რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების შემდეგ, ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ძირითადი ნაწილი სრულად არ უნდა იხარჯებოდეს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მით უმეტეს ხშირ შემთხვევაში ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც არ იძლევა არანაირ არც ეკონომიკურ, არც სოციალურ და არც საზოგადოებრივ ეფექტს? ასევე ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ მუნიციპალიტეტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები უნდა დაიხარჯოს სხვადასხვა მიმართულებების დასაფინანსებლადაც (აგრარული, გარემოსდაცვითი, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ა.შ)?

- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ რეგიონული განვითარების სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების პირობებში, მუნიციპალიტეტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების დაგეგმვა და კოორდინაცია უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტზე ორიენტირებულ პროგრამებსა და პროექტებს, როგორიცაა მეწარმეობის მხარდაჭერა, დასაქმება, ინვესტიციების სტიმულირება?

- რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, რომ რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის მიზნით და ფუნქციონირებისათვის, სხვადასხვა სამინისტროებიდან და უწყებებიდან განხორციელდეს სხვადასხვა უფლებამოსილებების გადმოცემა? მიზანშეწონილად თუ მიგაჩნიათ, რომელ უფლებამოსილებებს გულისხმობთ?

- 2025 წელს რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე გამოყოფა (ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან) მიზნად ისახავდა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებას. თუმცა, თქვენი დებულების „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „დასაქმების პრობლემების რეგულირება“ და „მეწარმეობის მხარდაჭერა“ ასევე ეკუთვნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მის სააგენტოს ფუნქციებს („აწარმოე საქართველოში“ და სხვ.). კონკრეტულად რა განსხვავებული ინსტრუმენტი გაქვთ თქვენ რეგიონში ინვესტიციის მოსაზიდად ისეთი, რომელიც არ გააჩნია ეკონომიკის სამინისტროს და ამ მიმართულებით რა ღონისძიებები გაატარეთ ან გაქვთ დაგეგმილი? შემთხვევით ხომ არ მივიღეთ რეალური შედეგის ნაცვლად გაზრდილი ბიუროკრატია?

- „დებულებაში წერია: „დასაქმების პრობლემების რეგულირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“. ეს ძალიან ამბიციური განაცხადია იმ ფონზე, როდესაც რეგიონებიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება (ემიგრაცია) ისტორიულ მაქსიმუმზეა. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ თქვენი პოლიტიკის შედეგად რეგიონებში უმუშევრობის დონე შემცირდა და კიდევ შემცირდება და ამ კუთხით რა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა?
ა) შემუშავებული გაქვთ გრძელვადიანი სტრატეგია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საინვესტიციო სტიმულირება რეგიონებში?
ბ) შემუშავებული გაქვთ რაიმე ჩარჩო დოკუმენტი ან გეგმა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას?

- სამინისტრო უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულია განავითაროს ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან. ბოლო დროს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსება და ხელშეწყობა, ხოლო რეგიონული პროგრამების მხარდაჭერა შეჩერდა.
ა) გაქვთ კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრა?
ბ) არსებობს სტრატეგია, როგორ დაარწმუნოთ დონორები კვლავ განახორციელონ რეგიონული და მუნიციპალური პროექტების მხარდაჭერა?

- რეგიონალური სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ალბათ მოგეხსენებათ, ხშირია უკმაყოფილება როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ასევე უცხოელი ტურისტების მხრიდან მთის და განსაკუთრებით სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის შესახებ. სამთო-სათხილამურო კურორტებზე ხშირია შემთხვევები, როდესაც დამსვენებლებს კვირის განმავლობაში არ მიეწოდებათ წყალი, ხშირია პარკირების და გადაადგილების პრობლემები, რაც ზოგადი და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობითაა გამოწვეული. მნიშვნელოვანია ასევე ექსტრემალური სპორტის სფეროში დასაქმებული კადრების ლიცენზირების საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში გვქონდა რამდენიმე ფატალური შემთხვევა, რაც კონკრეტულ სპორტის სახეობაში დასაქმებული ადამიანების გამოუცდელობით და პრაქტიკის არქონით იყო გამოწვეული:
ა) ამ და სხვა კიდევ ბევრი საკითხის გათვალისწინებით, რა ხედვა და სტრატეგია აქვს სამინისტროს სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით?

- დებულების თანახმად (მუხლი 2, პუნქტი „ფ“), თქვენი სამინისტროს პრეროგატივაა მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა წარმოადგენს საფრთხეს, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებასა და ფუნქციონირებაზე. ამას ემატება ასევე ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები:
ა) რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი ხსენებული პრობლემების გადასაჭრელად და კონკრეტულად აღნიშნული კურორტის განვითარებისთვის?

- დღემდე სამთო კურორტებზე პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ამბულატორიები, რომლებიც აღჭურვილი არ არიან ემერაი და კტ აპარატებით, რის გამოც კურორტზე დაშავებული დამსვენებლის გადაყვანა აუცილებელი ხდება დიდ ქალაქებში, რაც ასევე დამატებით პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან რეგიონში არ ოპერირებს ერთზე მეტი რეანომობილი. აპირებთ თუ არა ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობას?

- რეგიონალური განვითარების სამინისტროს მნიშვნელოვანი ფუნქციაა კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მომზადება, განხორციელება და განხორციელებაში მონაწილეობა. ბოლო წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია სტიქიური მოვლენების წინასწარი პრევენცია და დროული გამოვლენა — შოვის ტრაგედია ცხადი მაგალითია, თუ რა მძიმე შედეგებს იწვევს დაგვიანებული რეაგირება. სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, შესაბამის უწყებებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, არა მხოლოდ სალიკვიდაციო გეგმების მომზადება, არამედ მაღალი რისკის სტიქიური ზონების წინასწარი შესწავლა, მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების მიღება ფატალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
ა) მუშაობთ თუ არა მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის უწყებებთან ერთად სტიქიური რისკების მონიტორინგსა და პრევენციაზე?

- 2025 წლის თებერვალში გურიაში დიდთოვლობით გამოწვეული სტიქია მოხდა, რომელმაც მოსახლეობას უსახლკაროდ დატოვა. დღემდე დაზარალებულებს არ მიუღიათ სახელმწიფოსგან დახმარება. რა ხდება ხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებით და რა ნაბიჯები გადაიდგა თქვენს სამინისტროს მიერ ამ 1 წლის განმავლობაში?

- საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის N1207 განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის განსახორციელებლად გამოიყო 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარი. განკარგულების თანახმად, ამ პროექტების მიმდინარეობასა და შესრულებაზე საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტრო.
ა) აღნიშნული 20 000 000,00 (ოცი მილიონი) ლარიდან ჯამურად რამდენ მუნიციპალიტეტში მოხდა გამოყოფილ თანხებზე სრულად ხელშეკრულებების გაფორმება, რამდენ მუნიციპალიტეტში ვერ მოხერხდა ხელშეკრულებების გაფორმება და რამდენი ლარი დარჩა აუთვისებელი და რა მიზეზით?
ბ) აქვს თუ არა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას ამ განკარგულების თანახმად გამოყოფილ 264 702,00 (ორას სამოცდაოთხი ათას შვიდას ორი) ლარზე გაფორმებული ხელშეკრულება კონკრეტული პროექტის ან პროექტების განხორციელებაზე და თუ არა, რა იყო მიზეზი?

- საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ საჯარო სკოლებში ბავშვების ტრანსპორტირება ყველა სოფლის მოქმედ ყველა სკოლაში სრულად არის უზრუნველყოფილი? ასევე გვაინტერესებს, რამდენად შეესაბამება საჯარო სკოლებში ბავშვების ტრანსპორტირების ხარისხი დადგენილ მოთხოვნებს და რამდენად დაცულია ბავშვების ტრანსპორტირების უსაფრთხოების ნორმები? ახორციელებთ თუ არა მონიტორინგს და კონტროლს ხსენებულ ტრანსპორტირების უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით?