ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნას, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება", - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.
ივნისში გამოცემა EURACTIV-ი წერდა, რომ მათ მიერ მოპოვებული ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი 3 ქვეყნის - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ ანგარიშის თანახმად, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება.
„უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების მხრივ კარგ წარმატებას მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მუშაობას მომდევნო თვეებში დაასრულებენ, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო საქართველოსგან," - წერია ევროკომისიის ზეპირი მოხსენების ტექსტში.
გამოცემა მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერდა, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 რეკომენდაციის შეასრულა. ესენია: გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება და სახალხო დამცველის დანიშვნა.
იგივე თქვა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. მან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული.