სიმბოლურია, რომ სანქციების შესახებ სენატორ ლინდსი გრემის კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ იმ ღამეს მიიღო, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური, სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით განახორციელა მორიგი იერიში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, სამიზნე კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა.
მისივე ინფორმაციით, დაზიანების შესახებ ცნობები რვა ოლქიდან გავრცელდა, დაშავდა ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
„სწორედ სენატორ ლინდსი გრემის კანონპროექტი და ჩვენი პარტნიორების მიერ ამ ომის წყაროს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სხვა მკაცრი სანქციები წარმოადგენს განსაკუთრებულად ძლიერ ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია, შეაჩეროს ეს ტერორისტული ომი და აიძულოს რუსეთი, მშვიდობისკენ გადადგას ნაბიჯები“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, სანქციები მკაცრი უნდა იყოს, რათა „მშვიდობისთვის გაწეულმა ყველა ძალისხმევამ, განსაკუთრებით კი ამერიკასთან, ევროპასა და სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთობლივმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ, შედეგი გამოიღოს“.
„მადლობას ვუხდი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, სენატორებსა და კონგრესის ლიდერებს კანონპროექტის მხარდაჭერისთვის. რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც.
„ეს არის სწორი პასუხი რუსეთის უარზე, შეწყვიტოს თავისი ტერორი: აგრესორზე კომპრომისის გარეშე ზეწოლა, რომლის მიზანიც მისი სამხედრო მანქანის დაფინანსების შესაძლებლობის შეზღუდვაა. აშშ-ის კონგრესი მკაფიო სიგნალს აგზავნის – რუსეთს არ შეუძლია, აგრესია დაუსჯელად გააგრძელოს, და რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს პუტინი ამ ომს, მით უფრო მაღალი იქნება საფასური მისთვის და მისი რეჟიმისთვის“, – დაწერა სიბიგამ.
როგორც ანდრეი სიბიგა აღნიშნავს, მადლობას უხდის ყველა კონგრესმენს, რომელმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირა და მოუწოდებს უკრაინის სხვა პარტნიორებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისკენ.
„სრული ემბარგო, რუსი მებრძოლებისთვის ქვეყანაში შესვლის სრული აკრძალვა, „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სრული შეზღუდვები და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციები. ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ პუტინი, თუ მას ომის გასაგრძელებლად საჭირო რესურსებს წავართმევთ“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო სანქციებისა და ტარიფების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას. მედიის ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის ენერგორესურსებს ყიდულობენ. ასევე, კანონმდებლობა მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკისა და თავდაცვის ინდუსტრიებზე ზეწოლის გაძლიერებას და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენებული ტანკერების ქსელის წინააღმდეგ ზომების მიღებას. კანონპროექტის მიზანია, მოსკოვს შეუმცირდეს იმ ფინანსური რესურსების მიღების შესაძლებლობა, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს.