საქართველოში ავტოპარკის რაოდენობა, ასაკი და საწვავის ტიპი კვლავ რისკებს უქმნის ეკოლოგიას და, შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობას.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების 80%-მდე 10 და მეტი წლისაა. ასეთი ასაკისაა მიკროავტობუსების და სატვირთო მანქანების 92%.


მსუბუქი ავტომობილების მხოლოდ 1,8%-ია ორი წლის ან უფრო ახალი. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.  
მისივე ცნობით, ბენზინზე მომუშავე მსუბუქი მანქანების წილი 47,1%-ია, რაც პროცენტულად (ისევე როგორც რაოდენობრივად) გაზრდილი მაჩვენებელია, რადგან წინა წელს ეს მონაცემი 46,9% -ს შეადგენდა. 
დიზელზე მომუშავე მსუბუქი ავტომობილები ამ კატეგორიის ავტოპარკის 12%-ზე მეტს შეადგენს. გაზზე კი მათი 0,1 % მუშაობს.

რაც შეეხება ელექტრომობილებს, რაოდენობრივად, ერთი წლის ჭრილში, აქ მაჩვენებელი შედარებით მეტადაა გაზრდილი, ვიდრე წინა წლებში. კერძოდ, 2025 წლის მონაცემებით ელექტრომობილების რაოდენობა 15200-ს შეადგენს, როცა წინა წელს 8800 იყო. პროცენტულად კი, მსუბუქი ავტომობილების პარკში ეს მაჩვენებელი ჯერ 1%-ც კი არაა და 0,6%-დან 0,9%-მდეა გაზრდილი.


რაც შეეხება ჰიბრიდ ავტომობილებს, მათი წილი 11,4%-ია, წინა წელს კი 10,4 % იყო (2024 წლის მაჩვენებლით იყო 160 ათასზე ოდნავ მეტი, 2025 წელს კი 190 ათასამდეა).

რაც შეეხება ავტობუსებს, მათი 53%-ზე მეტი დიზელზე მუშაობს, ისევე როგორც სპეცტექნიკის 80%-ზე მეტი და სატვირთო ავტომობილების 77%.

საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის თანახმად, 2019 წელს ქვეყანაში მილიონ 400 ათასამდე მანქანა იყო, ხოლო 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი უკვე 2 მილიონს აჭარბებდა. ეს რიცხვები კი არა მხოლოდ საგზაო უსაფრთხოებასთან და საცობებთან, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ, გაზრდილ რისკებსაც ასახავს. რისკები განსაკუთრებით მაღალია თბილისში, სადაც ავტოპარკის უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული.

როგორც ცნობილია, შიდაწვის მანქანების დიდი რაოდენობა ქმნის ჰაერის დაბინძურების რისკს, რაც უკავშირდება სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საფრთხის ზრდას, ქალაქებში ხმაურის დაბინძურებას მატებას. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი გეგმავს, 2035 წლისთვის ახალი ავტომობილების პრაქტიკულად 100% უნდა ყოფილიყო ნულოვანი გამონაბოლქვის, რაც ბაზარზე ძირითადად ელექტრომობილებსა და წყალბადის ავტომობილებს გულისხმობს.