აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართომასშტაბიანი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელსაც სენატორი ლინდსი გრემი უჭერდა მხარს. 262 ხმით 159-ის წინააღმდეგ მიღებული დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.
კანონპროექტი ითვალისწინებს სავალდებულო სანქციებს რუსეთის ხელმძღვანელობასა და ენერგეტიკულ სექტორზე, ასევე ახალ შეზღუდვებს მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პარტნიორებსა და ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე.
ინიციატივის მხარდამჭერები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებენ, რომ ეს თეთრ სახლს რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსების შესაზღუდად საჭირო ეკონომიკურ ბერკეტებს მისცემს.
დოკუმენტი ასევე მოიცავს 100%-იან ტარიფს რუსული ენერგორესურსების უმსხვილეს მყიდველებზე. აღნიშნულმა პუნქტმა დემოკრატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ტრამპმა ეს სატარიფო უფლებამოსილება შესაძლოა არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების, არამედ აშშ-ის გლობალური მოკავშირეების წინააღმდეგაც გამოიყენოს.
კენჭისყრისას წარმომადგენელთა პალატის 58 დემოკრატი პარტიის ლიდერ ჰაკიმ ჯეფრისს დაუპირისპირდა და ინიციატივას მხარი დაუჭირა, რასაც წინ უძღოდა სენატორ ჯინ შაჰინის მოწოდება, რომ სანქციების არმიღება საშიში სიგნალი იქნებოდა როგორც კრემლისთვის, ისე პეკინის, თეირანისა და ფხენიანისთვის.