ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, უფასოდ რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ მიწის სისტემური რეგისტრაციისას. თუ თქვენ მიწის ნაკვეთს ფლობთ რომელიც არ არის თქვენს სახელზე რეგისტრირებული - აუცილებლად წაიკითხეთ ჩემი რიგით მესამე ბლოგი.
რა არის მიწის სისტემური რეგისტრაცია?
ეს არის პროცესი, როცა სახელმწიფომ თავის თავზე და საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა მიწების აზომვა და რეგისტრაცია. თუ თქვენ ფლობთ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთს, მაგრამ არ გაქვთ შესაძლებლობა აზომვითი ნახაზის საფასურის გადახდის, არ იცით სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, გაქვთ სამეზობლო დავა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან, ვერ მოაგროვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია ან აღნიშნული დოკუმენტაცია ხარვეზიანია - სწორედ მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა.
რა ეტაპებს მოიცავს მიწის სისტემური რეგისტრაცია?
- მიწის ნაკვეთის აზომვა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფები მიწის ნაკვეთებს უფასოდ აზომავენ და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმს ელექტრონულად შეავსებენ. ამისთვის თქვენ საჯარო რეესტრის ადგილობრივ ოფისში მისვლა არ დაგჭირდებათ. მთავარია თქვენ სპეციალისტებს ადგილზე წარუდგინოთ საკუთრების დამადასტურებელი რაიმე ტიპის ჩანაწერი. ეს შეიძლება იყოს: მიღება-ჩაბარების აქტი, საკომლო აღრიცხვის დოკუმენტი, სააღრიცხვო ბარათი, მიწის ტექნიკური დახასიათება, მიწის გადამხდელთა ერთიანი სია, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალიტეტიდანაა გაცემული, ეს შეიძლება იყოს სასამართლო აქტი, მებაღის წიგნაკები, ან რაიმე ტიპის დოკუმენტი, სადაც დასტურდება, რომ მოქალაქე, ან მისი წინაპარი - ბებია, ბაბუა, ან მამა ამ მიწის ნაკვეთს იყენებდნენ.
- დოკუმენტების მოძიება
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხელთ არ გაქვთ მიწის საკუთრებაში დამადასტურებელი დოკუმენტი( რაც ზემოთ ვახსენე) საჯარო რეესტრის წარმომადგენლები იწყებენ საარქივო მასალებში დოკუმენტის მოძიებას.
- საჯარო გამოცხადება
აზომილი მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია და საკადასტრო რუკები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში საჯაროდ გამოქვეყნდება, ასევე ელექტრონულად განთავსდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე: www.napr.gov.ge
თქვენ შეგეძლებათ მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას 1 თვის განმავლობაში გაეცნოთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონაცემებს არ ეთანხმებით, დაწერეთ მონაცემების გადამოწმების მოთხოვნის თაობაზე დასაბუთებული განცხადება. განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თქვენი მონაწილეობით, მიწის ნაკვეთს განმეორებით აზომავს.(აღნიშნულ პროცესს დაზუსტება ჰქვია)
- რეგისტრაცია
პროცესის დასრულება საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტებით მიწის თქვენს სახელზე გადმოფორმება, რომელიც ასევე უფასოა და თქვენ დამატებითი ხარჯების გაწევა არ მოგიწევთ.
ვის არ ეხება სისტემური რეგისტრაცია?
მიწის სისტემური რეგისტრაცია არ ეხება იმ მოქალაქეებს რომლებიც ფლობენ და სარგებლობენ,თვითმმართველი ქალაქების ( თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დაურეგისტრირებელ, ან სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს.
რა სახის მომსახურებას მიიღებთ უფასოდ სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ?
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება;
- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზება;
- საკადასტრო მონაცემების ცვლილება;
- საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია;
- გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
- თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება;
მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე, როდესაც კომერსანტის რადიოს დილის გადაცემაში ვისაუბრე, ერთ-ერთმა მსმენელმა კითხვა დამისვა, ვთვლი რომ ბლოგში ამ თემაზე ინფორმაციის მოწოდება ძალიან სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობენ და არ აქვთ არანაირი დამადასტურებელი მონაცემები.“
„ვფლობ მიწის ნაკვეთს მაგრამ არ გამაჩნია დამადასტურებელი დოკუმენტები, ჩემმა მშობლებმა სოფელში მიწა 1996 წელს თვითნებურად დაიპატრონეს. შემიძლია თუ არა ამ შემთხვევაში ვისარგებლო მიწის სისტემური რეგისტრაციით?“
დიახ,შესაძლებელია, მაგრამ რეფორმა გვიწესებს გარკვეულ კრიტერიუმებს. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ თვითნებურად უნდა გქონდეს დაკავებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2007 წლის 20 სექტემბრამდე. ამის შემდეგ თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიას მოქალაქეს არ დაურეგისტრირებენ.
მეორე კრიტერიუმი არის ის, რომ ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყოს ან სახლი, ან რამე დამხმარე შენობა-ნაგებობა. აქაც პოზიტიურია რეფორმა და გვეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა სახლის მდგომარეობას. ის შეიძლება იყოს დანგრეული, აშენებული, ან მშენებარე.
მესამე კრიტერიუმი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ზომას ეხება: დასარეგისტრირებელი მიწის ჯამური ფართობი ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰექტარს და მაღალმთიან რეგიონებში - 5 ჰექტარს.
თუ მოქალაქემ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი და აკმაყოფილებს ზემოთ აღწერილ კრიტერიუმებს, მან განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს.
უნდა დაესწროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფის მიერ მიწის ნაკვეთის აზომვას და მიუთითოს საზღვრები.
დაიყენოს მოწმეებად მომიჯნავე 2 ნაკვეთის მესაკუთრე, ან არამომიჯნავე 3 ნაკვეთის მესაკუთრე, რომლებიც დაუდასტურებენ, რომ ის მართლა იყენებს, ან მისი წინაპრები მართლა იყენებდნენ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და ეს ხელმოწერით დაადასტურონ.
დამატებითი ინფორმაცია, საჯარო რეესტრის 2024 წლის
სავალე სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, მუნიციპალიტეტებისა და სოფლების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ https://napr.gov.ge- საიტზე.
ავტორი: გვანცა ჟორჟოლიანი