28 მაისის ღამე რუსეთისთვის მშვიდი ნამდვილად არ ყოფილა. 27 მაისის საღამოს 9 საათიდან 28 მაისის დილის 7 საათამდე პერიოდში 300-მდე უკრაინული დრონი რუსულ სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზევე დაესხა თავს.

იერიშების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა კრემლის თავდაცვის უწყებამაც სადაც აღინიშნა – „საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს 296 უკრაინული დრონი მოსკოვის, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, ივანოვსკის, კალუჟის, კურსკის, ორლოვსკის, რიაზანის, სმოლენსკის, ტვერის, ტულისა და ვლადიმირსკის ოლქებში.“

რუსეთის ძალოვანი უწყება ზარალის შესახებ ტრადიციულად არაფერს ამბობს. თუმცა სამხედრო მიმომხილველების თქმით, აფეთქებები იყო რუსეთის სამხედრო დანიშნულების არაერთ სტრატეგიულ ობიექტზე. მათ შორის  მოსკოვის ოლქში. “ძირითადად სამიზნეები არიან საწარმოები, იგულისხმება როგორც საბრძოლო მასალის დამამზადებელი ქარხნები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების დამამზადებელი საწარმოები. მოსკოვის ოლქში განხორციელებული შეტევის შედეგად კი (უკრაინელებმა)  ის ქარხანა ამოიღეს მიზანში, რომელიც „ორიონის“ ტიპის შემტევ დრონებს ქმნის.“ – ამბობს სამხედრო პორტალ „ალფა სიხშირის“ დამფუძნებელი ოთო კონჯარია.

სამხედრო ბლოგებზე გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინამ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე წარმატებით გამოიყენა ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უპილოტო საფრენი აპარატები. საუბარია კომპანია Strategy Force Solutions-ის წარმოებულ დედა-დრონზე, სახელწოდებით GOGOL-M.

რას ნიშნავს დედა-დრონი? იგი ატარებს ორ FPV ტიპის შეტევით დრონს, რომელთაც შეუძლიათ ზუსტი სამიზნეების განადგურება 300 კმ მანძილზე. კომპანია Strategy Force Solutions-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ისინი თვეში 50 GOGOL-M დედა-დრონსა და 400 FPV ტიპის შეტევით დრონს აწარმოებენ.

იმ ფონზე,  როდესაც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მზადაა, კიევს „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს, უკრაინა კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ სამხედრო წარმოებას. უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მშვიდობიან დასახლებებზე რუსული იერიშების აღსაკვეთად საჭიროა, ცეცხლი გადაიტანონ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდება შემტევ დრონებზე, ფრთოსან რაკეტებსა და უკრაინის ბალისტიკურ შესაძლებლობებზე.

ასობით უკრაინული კომპანია უკვე მუშაობს უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის და კიდევ უფრო მეტი იქნება. ამაში  დარწმუნებული ვარ. ჩვენ მაქსიმალურად მივმართავთ ძალისხმევას, რომ  იარაღი ვაწარმოოთ. ჩვენ უკვე ვამზადებთ  ევროპაში  ჩვენს პარტნიორებთან ახალ შეთანხმებებს, რომლებიც  კონკრეტულად უკრაინულ წარმოებაში ინვესტიციის ჩადებას ითვალისწინებს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია უპილოტო და შორი მოქმედების ელემენტების წარმოება, ეს საშუალებას გვაძლევს,  გავაკონტროლოთ სიტუაცია ფრონტზე, გადავარჩინოთ ჩვენი ჯარისკაცები და ვიმოქმედოთ მნიშვნელოვან მანძილზე.“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი რუსეთს დაჰპირდა, რომ კრემლის  ყველანაირ ქმედებას  შესაბამისი პასუხი მოჰყვებოდა. თუკი გერმანია შორი მოქმედების ფრთოსან სარაკეტო სისტემებს კიევს მართლაც გადასცემს, გაიზრდება უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფარვის არეალიც, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის მოსკოვს, რომელიც, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ახალ შეტევას ამზადებს უკრაინის წინააღმდეგ.

წყარო: euronews georgia